ადამიანებს ვეუბნებით, რომ ღმერთი არ არსებობს თუ რა ხდება, ვერ გავიგე? - ერქვანია

მინდია გაბაძე

„დაუშვებლად მიმაჩნია საგანგებო მდგომარეობა შეეხოს მორწმუნე ადამიანებს და ამით შეიზღუდოს წირვა-ლოცვაზე დასწრება.  ეს არის წარმოუდგენელი”, – განცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალექსანდრე ერქვანიამ.

მისი თქმით, „მით უმეტეს ამ განსაცდელის დროს,  ადამიანებს აუკრძალო ლოცვებზე დასწრება, ტაძრებში სიარული და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გამოკეტოთ სახლში, ეს არის დაუშვებელი.

„რას ეუბნებით ადამიანებს, რომ ღმერთი არ არსებობს და ღმერთის იმედი არ უნდა ჰქონდეთ? თუ რა ხდება ვერ გავიგე? გახარია, საპონი და ანტისეპტიკი გადაგვარჩენს?  წარმოუდგენელია ამის გაკეთება. თუ ეს ხელისუფლების პასუხია გუშინ წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების? არ შეიძლება ამის გაკეთება. უნდა დაფიქრდეთ. ჩვენი გადარჩენა არის ეკლესიაში და სწორედ ხალხის ლოცვას შეისმენს უფალი. დავფიქრდეთ. ყველას მოგიწოდებთ.  ამ ფორმით, თუ ეს შეეხება შეზღუდვას ადამიანების წირვა-ლოცვაზე დასწრების, არ დაუჭიროთ მხარი”, – განაცხადა მან.

„ბოლოს მინდა, მოსახლეობას მივმართო – თქვა მან – იგრძნობა შიში მოსახლეობაში. არაფერი არ არის საშიში. ამაზე მძიმე განსაცდელები გადაგვიტანია. ყველაფერი იქნება კარგად. მთავარია, არ დავკარგოთ ღვთის იმედი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აუცილებლად დაგვიფარავს და გამოგვიყვანს ამ მძიმე მდგომარეობიდან“.

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით გამოაცხადა.

ამ დროისთვის კორონავირუსის გავრცელების სურათი საქართველოში ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 49

  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1

  • კარანტინის რეჟიმში – 1966

  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259