კულტურის და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მასზე ფიზიკური ძალადობის მცდელობა კრივის ფედერაციის პრეზიდენტს, დავით წიკლაურს ჰქონდა.
„იმედი LIVE-ის“ ეთერში წულუკიანმა განაცხადა, რომ წიკლაურმა „მასზე გაიწია დასარტყმელად“, როცა სამინისტროსგან დაფინანსება მოითხოვა, პასუხად კი უარი მიიღო.
წულუკიანი ამბობს, რომ არავის არ სთხოვს რეაგირებას.
„ის ადამიანი, ვინც ჩემზე გაიწია დასარტყმელად, ეს არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ეს ქმედება ჩემს გონებაში ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე…
ეს მისი გამოქანება დასარტყმელად მოჰყვა იმას, რომ ითხოვდა ფულს. როდესაც მიიღო პასუხი, რომ ეს შეუძლებელია ახლა – „მოდი, ვიმუშაოთ, გამოაგზავნეთ, რა გაქვთ საჭიროებები და ვიმსჯელებთ“ – მან გააგრძელა შეურაცხყოფა ჩემი მოადგილის. დეტალები ჩემთვის საინტერესო არ არის“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ფაქტს ჰყავს ათობით მოწმე.
„რაც ჩემთვის ნიშანდობლივი იყო, მე, როგორც ქალი, ამ ასაკში პირველად აღმოვჩნდი ასეთი რაღაცის წინაშე. იმიტომ რომ მართლა, შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ძალიან ქართულ ოჯახში გავიზარდე და ისეთი კაცები იყვნენ ჩემს გარემოცვაში, მამა, ბაბუები, ძმა, რომ წარმოუდგენელი, ასე ვთქვათ, პირობები იყო, ყველა იყო თანასწორი. არ მახსოვს ვიღაცას ეგრძნობინებინოს ჩემთვის, მით უმეტეს, მთიელები არიან ჩემს ოჯახში, რომ მე, როგორც ქალი ვარ სადღაც. პირიქით. შესაბამისად, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი.
ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ მეც კი, მინისტრი ვარ, ვიცე-პრემიერი მქვია, ასე ვიცი, რაღაცას ვმართავ მგონია და მსხვერპლის ბრალი იყო თურმე, მან ეს შეეცადა. ეს არის თავისთავად ნიშანდობლივი, რომ ვინც არ უნდა იყო, მაინც შენი ბრალი იქნება, შეეცდებიან… ამას ჩვენ არ უნდა შევეგუოთ. მე არ ვეგუები. ჩვენ ვნახავთ ცოტა ხანში, სად იქნება ის და სად ვიქნები მე. მე მუშტი არ მაქვს მოკრივეს ვაჯობო, მაგრამ ქართული კრივი, რომ არ დაიღუპება, ამას ვნახავთ“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, დავით წიკლაურის გამო კრივი და მოკრივეები არ დაზარალდებიან. მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტრო ფედერაციის გვერდის ავლით აფინანსებს ინდივიდუალურ მოკრივეებს.
22 სექტემბერს წულუკიანმა პარლამენტში განაცხადა, რომ აქვს ბევრი პრობლემა სპორტულ ფედერაციებთან, რომელიც ქალის უფლებებს ეხება.