ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილს წარადგენენ

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მიხეილ სარჯველაძეს რატი იონათამიშვილი შეცვლის.

„ჩემი შეთავაზება უმრავლესობის მიმართ იქნება ეს. ველაპარაკე რატის, მასაც ამაზე, ბუნებრივია, უარი არ უთქვამს, პირიქით, სიხარულიც გამოხატა. ყველაზე ორგანული, თუკი ვინმესთვის, შეიძლება, ეს სფერო იყოს, არის რატი იონათამიშვილისთვის. მათ შორის, ჩვენ პროფესიონალი ადამიანები გვყავს, იქ არის ალუდა ღუდუშაური, პირველი მოადგილე; სოზარ სუბარი გვყავს ბოლო-ბოლო პარლამენტში, კახი კახიშვილი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით და სხვებიც, მაგრამ რატი გარკვეულ სიმბოლოსაც კი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ეს სიმბოლიზმი და მისი გამოცდილება იმდენად ემთხვევა ერთმანეთს, აქ საკამათოც არ შეიძლება იყოს. მე ვფიქრობ, კომიტეტის ახალი თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს მიხეილ სარჯველაძე იკავებდა, თუმცა 11 მარტს ის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.

რატი იონათამიშვილი „ოცნების“ პარტიული სიით ორი მოწვევის პარლამენტის წევრია. პარლამენტის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, მან დაამთავრა თსუ-ში ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულება.

2002-2003 წლებში მუშაობდა გამომცემლობა „სანოში“, 2004 წელს იყო მიწვეული ლექტორი თსუ-ში; 2005 წლიდან 2014 წლამდე იყო კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ პროექტების დირექტორი; 2008 წლიდან 3 წლის განმავლობაში მუშაობდა განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების პროექტში პიარ-მენეჯერად; 2010 წელს გახდა პარაოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და დღემდე არის გამგეობის წევრი; 2014-15 წლებში იყო თბილისის მერის მრჩეველი და შშმ პირთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი, 2015-2016 წლებში კი იყო თბილისის საკრებულოს წევრი.