ადგილზე მიიღებს სერვისებს თუ გახდება მისი გადაყვანა საჭირო, გადაწყდება კონსულტაციების შემდეგ - სერგეენკო

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა – ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ, დავით სერგეენკომ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გლდანის მე-18 დაწესებულება მოინახულეს და ექიმებს გაესაუბრნენ.

ციხის დატოვების შემდეგ განცხადება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დავით სერგეენკომ გააკეთა.

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის და უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

მან გეგმებზეც ისაუბრა:

„დღესვე დაიგეგმა და უკვე სრულდება რამდენიმე აუცილებელი კონსულტაცია, როდესაც ექიმი-სპეციალისტები ჩამოწერენ ხვალინდელ სამუშაო გეგმას, რა კვლევები და სერვისებია საჭირო ამ ახალი პრობლემის ზუსტი დიაგნოსტირებითვის. მინდა დაგარწმუნოთ, პაციენტი მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც კი იქნება აუცილებელი მისთვის.

კონკრეტულად რა იქნება ეს სერვისები, ადგილზე განხორციელდება თუ გახდება საჭირო მისი გადაყვანა , გადაწყდება ამ საათების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ“, – განაცხადა სერგეენკომ.

სერგეენკოს განმარტებით, აქამდე ჩატარებული კონსილიუმები იყო აუდიტი, რამდენად შეეძლო საავადმყოფოს პოტენციური გართულების მართვა.

დღევანდელი გართულების შემდეგ კონსულტაციები მიძღვნილია კონკრეტულად იმ მდგომარეობისთვის, რაც საღამოს განვითარდა, რა კვლევები და კონსულტაციებია საჭირო. სერგეენკოს თქმით, ესაა უახლოესი სამოქმედო გეგმა. მისი ინფორმაციით, დაგეგმილი 5 კონსულტაციიდან ერთი, ნევროლოგიური შემოწმება უკვე დასრულდა, დაიწყო გასტრო-ენტეროლოგიური და უახლოეს საათებში იქნება სრული სამოქმედო გეგმა შედგენილი.

სერგეენკოს ინფორმაციით, რამდენიმე სპეციალისტი სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ჩართულობით შეირჩა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ომბუდსმენის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრების განცხადებაზე, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ პოლიპროფილურ კლინიკაში, აცხადებს, რომ არ შეიძლება საკითხს მხოლოდ ერთი, პროფესიული კუთხით შეხედონ.

მისი თქმით, გარდა სამედიცინო საკითხებისა, გასათვალისწინებელია უსაფრთხოების რისკებიც.

„ბუნებრივია, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას მხედველობაში მიიღება სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. უშუალოდ უნდა მოხდეს შეფასება, უშუალოდ კონკრეტულ ვითარებაში რა საჭიროებები არსებობს კონკრეტული სერვისების, როგორ, რა ფორმით მიწოდებადია.

არ არის ასე მარტივად, გამოვაცხადოთ, რომ სამოქალაქო კლინიკა არის პანაცეა, ეს არ არის ასე, ეს უფრო მეტად პოლიტიზირებული გადაწყვეტაა საკითხის შემოთავაზებული, ვიდრე პაციენტზე ორიენტირებული“, – განაცხადა მან.

არ არის კატასტროფული, თუმცა საყურადღებოა – ასე შეაფასა სააკაშვილის მდგომარეობა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, ჩატარდება ყველა საჭირო კვლევა, შეფასდება რისი გაკეთება შეიძლება ადგილზე და რა რესურსების დამატებაა შესაძლებელი, თუ ესეც არ იქნება საკმარისი, მაშინ განიხილავენ სააკაშვილის გადაყვანასაც.

მან მოუწოდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, ნუ წაახალისებენ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას.

ხუნდაძის მტკიცებით, ხელისუფლების ინტერესშია სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის შენარჩუნება.

„არ დავუშვებთ მის მიმართ მძიმე შედეგის დადგომას და არ დავუშვებთ არეულობას, რომლის ინტერესიც იკვეთება იმ ოპოზიციონერების შეძახილში, რომლებიც ახალისებენ, რომ არ შეწყდეს შიმშილობა“, – განაცხადა ხუნდაძემ.


გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვეს ობუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა.

მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. ისინი კვლავ ითხოვენ, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი პოლიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. მათი თქმით, ამაზე თანხმდება ყველა ექიმი, ვინც გაეცნო სააკაშვილის მდგომარეობას.