გუშინ რომ გადაეყვანათ, შეიძლებოდა დღეს ეს გართულება აღარ ყოფილიყო - ექიმი

პუბლიკა

გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების სამედიცინო დაწესებულება დატოვეს ობუდსმენის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა.

მათი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ახლა სტაბილურია. ისინი კვლავ ითხოვენ, გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი პოლიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში. მათი თქმით, ამაზე თანხმდება ყველა ექიმი, ვინც გაეცნო სააკაშვილის მდგომარეობას.

„პაციენტი არის ამჟამად სტაბილური. სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა იმ გართულებას, რაც ჩვენმა კონსილიუმმა იწინასწარმეტყველა გუშინ. პაციენტი საჭიროებს სასწრაფო გადაყვანას პოლიპროფილურ კლინიკაში, დღესაც ვითხოვთ ამას“, – განაცხადა ექიმმა.

ექიმი თენგო წულაძე აცხადებს, რომ გაესაუბრნენ ექიმებს. მისი თქმით, საკმარისი არაა ის მკურნალობა, რასაც სააკაშვილი ამ ეტაპზე იღებს.

ექიმის განცხადებით, ის არ შეხვედრია იუსტიციის მინისტრს, თუმცა გამოთქვამს ვარაუდს, რომ ხელისუფლება მსჯელობს მესამე პრეზიდენტის გადაყვანაზე,  რადგან ისინი იმყოფებიან გლდანის ციხეში და მანამდე შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში.

ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, წულაძის განცხადებით, გლდანის კლინიკას რესურსი აღარ ეყოფა, რასაც, მისი თქმით, იქაური მედპრესონალიც აღიარებს.

„ისინი სტრესის ქვეშ არიან. ასეთ პაციენტზე პასუხისმგებლობის აღება კლინიკასაც გაუჭირდება, არამცთუ აქ ახლად დაკომპლექტებულ დაწესებულებას“, – ამბობს ექიმი.

თენგიზ წულაძის განცხადებით ომბუდსმენის ექსპერტთა კონსილიუმის მთავარი რეკომენდაცია სწორედ ისაა, რომ გართულებების დაწყებამდე გადავიდეს სააკაშვილი პოლიპროფილურ კლინიკაში.

„გუშინ, ვთქვათ, რომ გადაეყვანათ და დაწყებულიყო შესაბამისი თერაპია, ეს გართულება შეიძლებოდა არ გვქონოდა“, – აცხადებს ექიმი.

წულაძის ცნობით, სააკაშვილი ამ ეტაპზე ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშაა, თუმცა მეტი გართულების შემთხვევაში ეს საკმარისი აღარ იქნება.


ექიმების ცნობით, მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 18 ნოემბერს, საღამოს მან გონება დაკარგა.

ამის შემდეგ გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე; საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, რომლებმაც დღის განმავლობაში დააანონსეს იქ მისვლა; სააკაშვილის პირადი ექიმი; ობუდსმენის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრები და ალტერნატიული კონსილიუმის წევრები.

ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ტრანსპორტირების გადაწყვეტილებას.

ექიმთა რეკომენდაცია მესამე პრეზიდენტის პოლიპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა. ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები ამბობენ, რომ რეკომენდაციების გაცნობის შემდეგ მათი არგუმენტები გაიზიარა ჯანდაცვის მინისტრმაც.

LB loan image desktop LB loan image mobile