ადვოკატები: საქართველოში იძულებით დაბრუნების შემდეგ ბაჩიაშვილს წამების საფრთხე ემუქრება

პუბლიკა

გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ ბიზნესმენს 2025 წლის 26 მაისს საქართველოში „იძულებით დაბრუნების შემდეგ წამების დაუყოვნებლივი საფრთხე ემუქრება”.

„გიორგი ბაჩიაშვილის საერთაშორისო იურიდიული ჯგუფი გამოიყენებს ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა საქართველომ პასუხი აგოს ბაჩიაშვილის მიმართ უკანონო ქმედებებისთვის, წინააღმდეგობა გაუწიოს საქართველოში მართლმსაჯულების დამახინჯებას და მოითხოვოს კომპენსაცია გიორგი ბაჩიაშვილის თვითნებური დაკავებისა და არასათანადო მოპყრობისთვის”. – ნათქვამია ადვოკატების წერილში.

ადვოკატები მიუთითებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში პოლიტიკური კამპანიის სამიზნეა და ამ კამპანიას ბიძინა ივანიშვილი – საქართველოს დე ფაქტო მმართველი ხელმძღვანელობს.

„ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის ლეგიტიმური ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებული უაზრო და ვადაგასული ბრალდებები სასამართლო სისტემის პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტად სისტემურ გამოყენებას გამოხატავს.

გიორგი ბაჩიაშვილის იძულებითი დაბრუნება საქართველოში დღეს მას თვითნებური დაკავების, იძულებითი დაკითხვისა და არასათანადო მოპყრობის უშუალო რისკის ქვეშ აყენებს. საფრთხე რეალურია”. – წერია ადვოკატების განცხადებაში. 

გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველები ამბობენ, რომ მის წინააღმდეგ „საქართველოში წარმოებული სასამართლო პროცესები თავისთავად წარმოადგენს სათანადო სასამართლო პროცესის ძირითადი სტანდარტების დარღვევას”.

„ეს უფრო ფართო მოდელის ნაწილია, რომლის მიხედვითაც პროკურორები და მოსამართლეები რეჟიმის სავარაუდო ოპონენტების გასაჩუმებლად გამოიყენებიან”.

სუსის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი 26 მაისს დააკავეს. უწყება წერს, რომ მათთვის „ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა”.

ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე” გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

4 მარტს ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ 2 მარტს ქვეყანა დატოვა.

ბიტკოინების საქმის” გარდა გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კიდევ 2 საქმეზე აქვს წარდგენილი.

ერთი საქმე ეხება „მტკვარი ჰესს“.  პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად.

მეორე ბრალდება კი საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.