ადვოკატებმა ელისაშვილის 13-წლიანი განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს

პუბლიკა

ადვოკატებმა ალექსანდრე ელისაშვილის 13-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.

ადვოკატების განცხადებით, საქმის ტერორიზმის მცდელობად კვალიფიკაცია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა დაფუძნებული, რადგან პროკურატურამ გამოძიების მუხლი მას შემდეგ შეცვალა, რაც შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილის ქმედებას ტერორიზმი უწოდა.

ისინი ამბობენ, რომ განაჩენის ყველა პუნქტს ასაჩივრებენ.

„სააპელაციო ინსტანციასა და შემდგომ ინსტანციებში გვაქვს იმედი, რომ არალოგიკური განაჩენი, რომელიც გამოიტანა პირველი ინსტანციის სასამართლომ, გაუქმდება და შეიცვლება. შეუძლებელია ორი ბოთლი ბენზინით იმ აპოკალიფსური შედეგების გამოწვევა, რის გამოც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსანდრე ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ეს საქმე ნათელი დასტურია… რომ ალექსანდრე იდევნება ოპოზიციური, პოლიტიკური შეხედულებების გამო, არის პირადი შურისძიების მსხვერპლი, ფაქტობრივად, რუსული განაჩენის აღსრულება ხდება, ელისაშვილის უკრაინის სასარგებლოდ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობისათვის“, – განაცხადა ელისაშვილის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

2026 წლის 13 ივლისს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

ალეკო ელისაშვილს პროკურატურა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავებოდა. ის ბრალდების კვალიფიკაციას არ ეთანხმება.

აღსანიშნავია, რომ ამ საქმეზე გამოძიება თავდაპირველად დაწყებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, თუმცა, შემდეგ ტერორისტული აქტის მცდელობის მუხლით შეიცვალა.

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრულია კიდევ ორი სისხლის სამართლის საქმე.

ერთ საქმეში მას ტერორისტული აქტის ჩადენას ედავებიან. საუბარია სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენის საქმეზე.

მეორე საქმის დაწყების შესახებ ცნობილი 31 ივლისს გახდა.

ელისაშვილს ბრალად ედება სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით.

მისმა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა თქვა, რომ ელისაშვილმა ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე პოლიციელ შოთა ჭიპაშვილს „არაკაცი“ უწოდა და სწორედ ამ სიტყვის გამო დაიწყო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე.

შოთა ჭიპაშვილს ალეკო ელისაშვილი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.