ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის უფლების განხორციელების დროს თავადაც დააკავეს

პუბლიკა

ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ დაცვის უფლების განხორციელების დროს თავადაც დააკავეს.

ის პირად facebook-გვერდზე ვიდეოს ავრცელებს, რომელზეც ჩანს, რომ ის პოლიციელებს ეკითხება, თუ სად გადაჰყავთ მისი კლიენტი, რომელიც პოლიციის მანქანაში ზის. ვიდეოკადრების მიხედვით, ადვოკატის შეკითხვებს პოლიცია არ პასუხობს და მას აკავებენ.

„თუ გგონიათ, რომ ადვოკატებზე ძალადობა და ადამიანების დაცვის კონსტიტუციური უფლების ფეხქვეშ გათელვა ავბედითი ოთხმოცდაათიანების ტრადიცია იყო, მეორედაც დაფიქრდით. ამ შემთხვევაში, პოლიციელთა არაკვალიფიციურობაზე, არაკომპეტენტურობაზე, თავხედობასა და უტიფრობის ხარისხზე აღარ ვსაუბრობ.

დღეს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის სამართლებრივი დახმარების გაწევისა და მოულოდნელი დაკავების შემდეგ მისი ადგილსამყოფელის გარკვევის მცდელობისთვის პოლიციამ მობილური ხელიდან გამაგდებინა, ხელბორკილები დამადო და დამაკავა“, წერს ის.

მისი თქმით, ის საათების განმავლობაში მანქანაში ელოდებოდა, თუ რას გადაწყვეტდა პოლიცია, საბოლოოდ კი პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.

„კანონის ენაზე, ამას ადვოკატის საქმიანობაში უკანონო ჩარევაც ჰქვია და სისხლის სამართლის კოდექსი დანაშაულადაც მიიჩნევს, მაგრამ სამართალდამცველად წოდებული მუნდირიანი სამართალდამრღვევებისა და ქვეყანაში ყველა დემოკრატიული ინსტიტუციის ჩამომშლელი მათი პატრონებისთვის, მათ შორის, მათთვის, ვინც პოლიციელების ასეთი ქმედებები უნდა გამოიძიოს, არაფერს ნიშნავს“. აცხადებს ის.

მისი თქმით, სასამართლო პროცესი 12 თებერვალს გაიმართება.

„ვიცი, რომ ჩემთვის და ჩემ გარშემო მყოფი უამრავი ადამიანისთვის ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული დაცვის უფლება, კანონის უზენაესობის პრინციპი და იმის იმედი, რომ ოდესმე შეიძლება სამართლებრივ სახელმწიფოდ ვიქცეთ, ბევრს ნიშნავს და ზუსტად ამ მიზეზით, ამ ყოვლად ამაზრზენი შემთხვევის გამო თქვენს წინააღმდეგ ვიბრძოლებ ყველგან, ყველა კანონიერი საშუალებით და ყველა ტრიბუნაზე“, აცხადებს ადვოკატი შოთა თუთბერიძე.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურს, რა რეაგირება ექნება უწყებას ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. შსს-ს პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.