ადვოკატი: ახვლედიანს იარაღი ჩანთაში ჰქონდა, ტუალეტში უჩანთოდ წავიდა, გასროლის ხმა არ გაუგია

პუბლიკა

თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ალექსი ახვლედიანის ადვოკატი, ლალი აფციაური სამთავროვო ტელეარხ „იმედთან“ ამბობს, რომ იარაღი „მის პირად ხელჩანთაში, დახურულ მდგომარეობაში იყო”.

მისი თქმით, ახვლედიანი ტუალეტში გავიდა და ჩანთა დატოვა.

„მას ტარების უფლებით აქვს ეს იარაღი, იცით ალბათ ხომ?! ინახებოდა მის ხელჩანთაში, პირად ხელჩანთაში, დახურულ მდგომარეობაში, ოთახში. ფანჩატური ეძახეთ თუ რაც გინდათ, ის დაარქვით, ოთახში იდო და ადამიანი, უკაცრავად და, გასული იყო ტუალეტში. ჩანთით არავინ დადის, მოგეხსენებათ ხომ, მეგობრების წრეში. […] როგორც ჩანს, აქ ზარი შემოვიდა, როდესაც ტუალეტშია, მან ხელები დაიბანა და გაითიშა ზარი რომ შემოვიდა, ხელები დაიბანა და მერე უკვე გადაურეკა. და რომ არ უპასუხა, უკვე დასაძინებლად დაიშალნენ ფაქტობრივად, რომ არ უპასხუა, შევიდა ოთახში და დახვდა ის, რაც დახვდა”. – თქვა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, გასროლის ხმა გაიგო თუ არა ახვლედიანმა, ადვოკატი პასუხობს – „არა, აბაზანაში იყო“.

„რამდენადაც მე ვიცი კამერაში ჩანს, რომ როდესაც აიღო ეს იარაღი და გამოიტანა, შევიდა თორნიკე საძინებელ ოთახში, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი და მიიხურა კარები…. ეზოდან როგორ გამოდის, როგორ იღებს ხელჩანთიდან, როგორ შეაქვს თავის ოთახში, ეს ყველაფერი ჩანს ვიდეომასალაში“. – თქვა ლალი აფციაურმა.

მისივე თქმით, პროკურატურა ალექსი ახვლედიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით კლინიკაში მოათავსეს.

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის დააკავეს და ბრალი წარუდგინეს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს.  პროკურატურა აცხადებს, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობისთვის სწორედ მისი იარაღი გამოიყენა.

ახვლედიანს ბრალი წარუდგინეს „ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია”