დღეს, 25 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის საქმის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
სხდომა 12:00 საათზე იყო დანიშნული.
ადვოკატ თემურ ადონიას თქმით, საბადრაგო სამსახურმა მათ შეატყობინა, რომ შიმშილობის გამო სასამართლოში გიორგი ჩიკვაიძის გადაყვანა ვერ ხერხდება, ამიტომ დაცვის მხარე მის დისტანციურად ჩართვას მოითხოვს.
თუ ეს ვერ მოხერხდა, ადვოკატები პროცესის გადადებას მოითხოვენ.
„გიორგი შიმშილობის უკვე მე-14 დღეა. საბადრაგო სამსახურის ცნობით, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ მის ეტაპირებას. თვითონ გიორგის სურვილია, დაესწროს სხდომას“. — თქვა ადვოკატმა თემურ ადონიამ.
11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება — გირაო პატიმრობით შეცვალა.
ამასთან, მან ძალაში დატოვა მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის გირაო. პროკურატურა ორივე მათგანის პატიმრობას ითხოვდა.
ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას გულისხმობს.
პროკურატურა აცხადებს, რომ ჩიკვაიძის და პაპიაშვილის ქმედებებმა 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.
12 მარტს ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო.