თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ გიორგი ჩიკვაიძის აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეცვალა.
ამასთან, მან ძალაში დატოვა მისი ბიზნესპარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის გირაო.
პროკურატურა ორივე მათგანის პატიმრობას ითხოვდა.
იზა კელენჯერიძემ ირაკლი პაპიაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ასე დაასაბუთა:
„გამომდინარე იქიდან, რა ინფორმაციაც არის მოწოდებული სასამართლოსთვის: მართალია, ირაკლი პაპიაშვილის მიმართ დაწყებულია გამოძიება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, თუმცა, არსად არ არის დაფიქსირებული, რომ შეინიშნებოდა საზღვრებთან ახლოს ან ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას და ა.შ”.
რაც შეეხება გიორგი ჩიკვაიძის გირაოს პატიმრობით შეცვლაზე, მოსამართლემ თქვა:
„სასამართლო არ თვლის, რომ გიორგი ჩიკვაიძე თავს არიდებდა სასამართლო სხდომებზე დასწრებას და მის გამო ხდებოდა სხდომების გადადება. კი, მას არ წარმოუდგენია ჯანმრთელობის დოკუმენტები, თუმცა, სხდომები გრძელდებოდა.
რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, მისი მხრიდან ადგილი ჰქონდეს გარკვეულ მცდელობებს, რომ მოსალოდნელი სასჯელის შიშით თავი აარიდოს სასამართლო განხილვებს, სასამართლო თვლის, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი არსებობს”.
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სხდომა დაასრულა, გიორგი ჩიკვაიძემ მას „მურუსიძის მონა” უწოდა და დარბაზიდან მიმართა:
„ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახალგაზრდა დედა, როცა ყველაზე ძალიან დასჭირდებით თქვენს შვილს, იყოთ არა მის გვერდით, არამედ იყოთ იქ, სადაც მიშვებთ მე. ამის პირობას გაძლევთ”. – თქვა გიორგი ჩიკვაიძემ.
ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.
პროკურატურა აცხადებს, რომ ჩიკვაიძის და პაპიაშვილის ქმედებებმა 1 155 019 ლარის ზიანი გამოიწვია.
განახლება:
პროკურატურა როგორც გიორგი ჩიკვაიძის, ისე ირაკლი პაპიაშვილის პატიმრობას ითხოვდა.
კერძოდ, ბრალდების განცხადებით, ასევე, პროკურატურის განცხადებით, „მიღებულ იქნა ინფორმაცია ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის საზღვრის უკანონოდ კვეთასთან დაკავშირებით”.
კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით, „გიორგი ჩიკვაიძე 7-8 მარტს იმყოფებოდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან ახლოს”.
პროკურორმა თქვა, რომ ეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ორივე მათგანის მიმართ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.
მას შემდეგ, რაც აღკვეთის ღონისძება უცვლელი დარჩა, ირაკლი პაპიაშვილმა სასასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
კომენტარის შემდეგ, სასამართლოს დერეფანშივე, ირაკლი პაპიაშვილთან მივიდნენ ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები და უთხრეს, რომ ჩხრეკაზე უნდა გაჰყოლოდა.
ირაკლი პაპიაშვილმა და მისმა მეგობარმა მედიასთან დემონსტრაციულად ამოალაგეს პირადი ნივთები.
ადვოკატის მოსვლის შემდეგ ირაკლი პაპიაშვილი და მისი მეგობარი, გოჩა კოჭლამაზიშვილი, ჩხრეკისთვის სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში გადაიყვანეს.