პროკურატურა გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს

პუბლიკა

პროკურატურამ ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძისა და მისი საქმიანი პარტნიორის, ირაკლი პაპიაშვილის აღკვეთის ღონისძიება გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ არგუმენტებად დაასახელა შემდეგი:

  • პროკურატურის ცნობით, ჩიკვაიძემ დაარღვია გირაოს პირობები — არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა სასამართლო პროცესებზე და ამის შესახებ წინასწარ არ ახდენდნენ სასამართლოს ინფორმირებას.
  • ასევე, პროკურატურის განცხადებით, „მიღებულ იქნა ინფორმაცია ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძის და ირაკლი პაპიაშვილის საზღვრის უკანონოდ კვეთასთან დაკავშირებით”. კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით, „გიორგი ჩიკვაიძე 7-8 მარტს იმყოფებოდა სადახლოს გამშვებ პუნქტთან ახლოს”. პროკურორმა თქვა, რომ ეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ორივე მათგანის მიმართ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა.

აქედან გამომდინარე, ბრალდება ამბობს, რომ გირაო ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს.

თავად გიორგი ჩიკვაიძემ პროკურატურის პასუხად თქვა, რომ ბრალის წარდგენის შემდეგ, 2024 წლის ივლისიდან ის თბილისიდან არც გასულა, ხოლო 6-7 მარტს ის „სოფელ სართიჭალაში იყო, სადაც ერთ-ერთ ოჯახს, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობის დროს დაუნათესავდა, ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით საჩუქარი – იონჯის თესლი მიუტანა და 1 საათში უკან დაბრუნდა”.

ჩიკვაიძემ ასევე თქვა, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში მან მოახდინა 114 ადამიანის და 87 მანქანის იდენტიფიცირება, რომლებიც მას დაყვებიან.

„ეს ადამიანები მივარდებიან სახლში, მიშვებენ საბურავებს მანქანაზე, მიზიანებენ სამუხრუჭე სისტემას მანქანაზე და მაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. მე არ ვიცი, ეს ადამიანები ვინ არიან, არიან ნიღბებით და ჩემს კითხვაზე, ხართ თუ არა თქვენ სამართალდამცავები, გარბიან. 114 ადამიანი მყავს იდენტიფიცირებული […].

თქვენ ხშირ შემთხვევაში არ ითვალისწინებდით ჩემს შუამდგომლობებს, როცა გეუბნებოდით, რომ ჩემზე მიმდინარეობს არნახული ზეწოლა”. – თქვა გიორგი ჩიკვაიძემ.

ის, რომ პროკურატურა მის პატიმრობას მოითხოვს, გიორგი ჩიკვაიძემ გუშინ, 10 მარტს თქვა. მისივე განცხადებით, დღეს ელოდება, რომ დააპატიმრებენ.

ჩიკვაიძეს და პაპიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.

ბრალი მათ 2024 წლის ივლისში წარუდგინეს.

ჩიკვაიძე და პაპიაშვილი ამბობენ, რომ ისინი საქმეზე დაკითხულებიც არ არიან.

ბიზნესმენმა ზეწოლაზე ლაპარაკი 2024 წლის სექტემბერში დაიწყო, როცა 12 სექტემბერს, „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემა „რეაქციაში“ ზეწოლის შესახებ ისაუბრა.

კერძოდ, გიორგი ჩიკვაიძის თქმით, „2022 წელს მათ მისცეს ანტისახელმწიფოებრივი დავალება, რაზეც უარი თქვეს”. ბიზნესმენს არ უთქვამს, ვისგან მოდიოდა დავალება ან რას გულისხმობდა ის, მაგრამ სწორედ ამ დავალებაზე უარს მოჰყვა ზეწოლა. ჩიკვაიძემ თქვა, რომ ზეწოლაში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ალექსანდრე ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენი, ელგუჯა თურმანიძე. თურმანიძე ჩიკვაიძის ბრალდებებს უარყოფს.