ადვოკატი: დოკუმენტი, სავარაუდოდ, 25 ივლისამდე გამოქვეყნდება

პუბლიკა

წინასწარი დაკავების იზოლატორში, სოსო გოგაშვილი, ადვოკატმა დიმიტრი ღონღაძე მოინახულა. შენობის დატოვების შემდეგ ღონღაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტები, რომლის გასაჯაროებასაც გოგაშვილი აპირებდა, სავარაუდოდ, 25 ივლისამდე გამოქვეყნდება.

„სოსო გოგაშვილს აქვს გარკვეული გეგმა და დაიწყებს მასალების ეტაპობრივად გამოქვეყნებას, რომელიც არ შეეხება მხოლოდ არჩევნებს, ის მოახდენს ხელისუფლების ყველა შტოს მხილებას, იმ უკანონო ქმედებებში, რასაც სჩადიოდნენ.“ – განაცხადა ღონღაძემ.

მისი თქმით, გოგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

,,სოსო გოგაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დამაკმაყოფილებელი, განიცდის დაკავების დროს მიყენებული დაზიანებების ტკივილს. ვართ ბრალდების მოლოდინში, რომელსაც ველოდებით რამდენიმე საათში. დაზიანებებთან დაკავშირებით ჩვენ მოვითხოვეთ ექსპერტიზა, რომელიც დღეს უნდა ჩაუტარდეს. მიმდინარე გამოძიების შესახებ მისთვის ცნობილი იყო, მაგრამ არ მოელოდა დაკავებას, დაკავების ოქმის თანახმად გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და პერსონალური ინფორმაციის ხელყოფა. სავარაუდოდ, ეს შეეხება მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს.

სოსო გოგაშვილი უკანონო დაკავებას უკავშირებს მის აქტიურობას და განცხადებას, რომ აპირებდა მტკიცებულებების საჯაროდ გამოქვეყნებას, რომელიც შეეხებოდა წლების განმავლობაში არჩევნების გაყალბებას. აქვს გარკვეული გეგმა და დაიწყებს მასალების ეტაპობრივად გამოქვეყნებას, რომელიც არ შეეხება მხოლოდ არჩევნებს, ის მოახდენს ხელისუფლების ყველა შტოს მხილებას, იმ უკანონო ქმედებებში, რასაც სჩადიოდნენ”, – აღნიშნა ადვოკატმა დიმიტრი ღონღაძემ.

სოსო გოგაშვილი თბილისში 16 ივლისს, საკუთარ სახლში, დააკავეს. დაცვის მხარის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 3 მუხლით – იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და პერსონალური ინფორმაციის ხელყოფა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურის ინფორმაციით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია და მისი დაკავება არა ახალი, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარდა.