ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე აცხადებს, რომ დღეს დილით პარლამენტთან დაკავებული გურამ ადამია სასტიკადაა ნაცემი, მიყენებული აქვს დაზიანებები სახესა და სხეულზე.
მან დაკავებული იზოლატორში მოინახულა.
„შსს-ს წარმომადგენლები გაუსწორდნენ სასტიკად. ეტყობა თვალზე დაზიანებები, სხეულზეც ბევრი დაზიანება და ჰყვება, რომ მას უმოწყალოდ ურტყამდნენ და არა მხოლოდ ურტყამდნენ, რომ წაიქცა, ფეხით გადადიოდნენ მასზე. ესაა სისხლის სამართლის დანაშაული. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი არის იზოლატორში, არის ცუდად, ექიმს უფიქსირებს, რომ უნდა გადაიყვანონ საავადმყოფოში და თითქოს იზოლატორი ცდილობს, რომ არ გადაიყვანონ“, – ამბობს ადვოკატი „TV პირველთან“.
ეკა ქობესაშვილი აცხადებს, რომ ადვოკატებს დაკავებულების ძიება იზოლატორებში უწევთ. ვინც შესახლებულია, მათ აღენიშნებათ დაზიანებები.
„როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ამ დრომდე მანქანებში ჰყავთ დაკავებულები და ჯერ არ არისნ შესახლებულები. სამწუხაროა, რომ ასე გვიწევს ადვოკატებს დაკავებულების ძებნა. არ არის ინფორმაცია და ერთადერთი გზაა, იზოლატორებში გადავამოწმოთ“, – ამბობს ის „TV პირველთან“.
ადვოკატი გიორგი ტაბატაძე აცხადებს, რომ აქციაზე ადამიანები უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს.
„მათი დაკავება იყო უკანონო, ამავდროულად იყო არაადამიანური მეთოდებით, პოლიციამ გამოიყენა ძალა, რომლის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა. ეს ადამიანები არიან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი. ზოგიერთ მათგანს შევხვდით ეზოში, სანამ შეასახლებენ, მანამდე ვერ ვნახულობთ. ისინი აცხადებენ, რომ აქვთ დაზიანებები და არიან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი“, – ამბობს ადვოკატი „TV პირველთან“.
მისი ინფორმაციით, დაკავებულებს ომბუდსმენის წარმომადგენლები ხვდებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 13 მაისს პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს, პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. ეს მუხლები წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩლებლობას გულისხმობს.
საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.