ადვოკატი: მერიის თანამშრომლისთვის უცნობია, რაში უნდა გამოხატულიყო სამსახურებრივი გულგრილობა

პუბლიკა

ვაკის პარკის საქმეზე დაკავებული 9 პირი წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება.

ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე, რომელიც თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილეს, გიორგი ვახტანგიშვილს იცავს, ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის უცნობია, რაში გამოიხატა მისი სამსახურებრივი გულგრილობა. ადვოკატის თქმით, მერიის ჩინოსანი საქმის შესახებ სასამართლოში ისაუბრებს.

„ბატონმა გიორგიმ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ვალდებულება შეასრულა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. როგორც ჩვენთვის ცნობილია საჯაროდ გაჟღერებული ინფორმაციით, მას, სავარაუდოდ, ედავებიან სამსახურებრივ გულგრილობას, თუმცა, ჯერჯერობით ჩვენთვის ბრალდების შესახებ დადგენილება და საქმის მასალები არავის გადმოუცია.

ამ ეტაპზე მისთვის უცნობია, რაში უნდა გამოხატულიყო სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. უშუალოდ საქმის დეტალებზე ის სასამართლოზე ისაუბრებს“, – განაცხადა ადვოკატმა.

შეკითხვაზე, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებდა თუ ათანხმებდა ზემდგომთან, რამაც, შესაძლოა სხვა მაღალჩინოსნების ბრალეულობაც წარმოაჩინოს, ადვოკატი პასუხობს:

„აღნიშნულის შესახებ გათვალისწინებულია დეტალურად მოქმედ კანონმდებლობაში, ნორმატიულ აქტებში, მიღება-ჩაბარების აქტებში და იმ ოფიციალურ წერილებში, რაც სისხლის სამართლის საქმეში, დარწმუნებული ვარ, იქნება. სხვა შემთხვევაში, ალბათ, დაცვის მხარე ყველა შემთხვევაში მოვიპოვებთ აღნიშნულ მტკიცებულებებს.

რაც შეეხებათ დაქვემდებარებულ პირებს, დაქვემდებარებად პირებს, უფლებამოსილებებთან დაკავშირებით, მისი სურვილია, ისაუბროს სასამართლოში. ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, მისთვის უცნობია, რაში გამოიხატება სამსახურებრივი გულგრილობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა დაკავებული. მუხლი გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

საქმესთან დაკავშირებით სულ 9 პირი დააკავეს.