„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე აცხადებს, რომ ამაღლობელს კლინიკაში დარჩენა არ სურს და პენიტენციურ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს. ამის შესახებ საიას იურისტმა, „ვივამედში“ მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ განაცხადა.
„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რა თქმა უნდა, შესუსტებულია. იცით, რომ აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, თუმცა მხნედ გრძნობს თავს. ბრძოლას აგრძელებს, როგორც შეუძლია. ხილულად, რაც ვნახე, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. აცხადებს, რომ შიმშილობს ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის.
მისი თხოვნაა, რომ მისი სოლიდარობის მიზნით ვინც შიმშილობს, შეწყვიტოს შიმშილობა. ის ცინიკური განცხადებები, რომლებიც მმართველი გუნდის მხრიდან ისმის მზიას შიმშილობაზე, უფრო ძალის მიმცემია მისთვის, რომ შიმშილობა გააგრძელოს. ჩვენ ვთხოვეთ შეწყვიტოს, თუმცა გვიწევს პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას.
თავად დღეს მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ იყოს გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ დარჩენა არ უნდა. როგორც ზურა ჩხაიძემ მითხრა, დღეს დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს, შემდეგ გადაწყდება გადაყვანის საკითხი. მზიას უკან დაბრუნება უნდა“, – განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, ჯუბა ქათამაძის თქმით, ანალიზებში ამ დროისთვის „რაიმე განსაკუთრებული პრობლემები არ არის“.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაპატიმრებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 25-ე დღეა შიმშილობს. ის გუშინ, 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში” გადაიყვანეს.
მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.