ადვოკატი: პოლიციის მესამედ მოსვლის შემდეგ სტუდენტებმა შენობის დატოვება გადაწყვიტეს

პუბლიკა

თეატრალურ უნივერსიტეტში პოლიცია დღეს მესამედ მივიდა. მეორე მისვლის დროს მათ სტუდენტები 5000 ლარით დააჯარიმეს, მესამე მისვლის დროს კი შენობის დატოვება მოსთხოვეს.

ადვოკატის თქმით, სტუდენტებმა შენობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს. ისინი პროტესტის სხვა ფორმით გაგრძელებას აპირებენ.

როგორც „პუბლიკასთან“ ადვოკატი გუჯა ავსაჯანიშვილი აცხადებს, სტუდენტების დაკავების საფრთხე იყო, ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ პროტესტი სხვა მიმართულებით გააძლიერონ.

„პოლიციის მოთხოვნა იყო, დაეტოვებინათ ტერიტორია. სტუდენტებმა ერთობლივად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალი მიმართულების პროტესტს ჩამოაყალიბებენ, უფრო ძლიერი პროტესტი ექნებათ, არ წყვეტენ პროტესტს, უბრალოდ, რადგან იყო რეალური შესაძლებლობა 20 და მეტი სტუდენტის დაჭერის, დატოვეს ტერიტორია. ეს არაა დანებების აქტი, ახალ მოძრაობას უყრიან საფუძველს“, – თქვა მან.

ადვოკატის თქმით, გაასაჩივრებს სტუდენტებისთვის გამოწერილ 5000-ლარიან ჯარიმას და კანონს – საკონსტიტუციო სასამართლოში.

„გარდა იმისა, რომ ჯარიმას გავასაჩივრებთ, ასევე ვაპირებთ აღნიშნული კანონი საკონტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრო“, – თქვა მან.


თეატრალურ უნივერსიტეტში პოლიცია დღეს სამჯერ მივიდა.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ უნივერსიტეტმა დილას შენობის დეზინფექცია ისე დაიწყო, სტუდენტებისთვის წინასწარ არ უცნობებია. შეწამვლის დაწყების შემდეგ უნივერსიტეტის დაცვამ მათ ალტერნატიულ სივრცეში გადასვლა მოსთხოვა. სტუდენტები აცხადებენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული სივრცე პატარაა და სხვა სივრცეც არსებობს, რომელიც უფრო დიდი და მისაღებია, თუმცა დაცვა სტუდენტებს ამ სივრცის გამოყენებაზე უარს ეუბნება.

ამ საკითხზე სტუდენტებსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც უნივერსიტეტმა პოლიცია გამოიძახა. სტუდენტებთან და ადმინისტრაციასთან გასაუბრების შემდეგ პოლიციამ შენობა დატოვა.

დაახლოებით, საათ-ნახევარში პოლიცია უნივერსიტეტში დაბრუნდა.

პოლიციელებმა ცალ-ცალკე მოახდინეს სტუდენტების იდენტიფიცირება და შეკრების კანონის მე-9 და მე-11 მუხლის დარღვევის საფუძვლით საჯარიმო ქვითრები გამოუწერეს. მუხლის დარღვევა 5000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ამის შემდეგ პოლიცია უკვე მესამედ დაბრუნდა და ადვოკატის ცნობით, შენობის დატოვება მოითხოვა.