„უფლებები საქართველოს“ იურისტი, მარიამ მაღრაძე, რომელიც წინასწარი მოთავსების იზოლატორში წუხელ რაჭის ტყეების გასხვისების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ ვარლამ გოლეთიანს შეხვდა, აცხადებს, რომ გოლეთიანის დაკავება მოხდა დაუსაბუთებლად, სამართლებრივი ნორმების დარღვევით, რადგან მას პოლიციისთვის წინაარმდეგობა არ გაუწევია.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, იმას, რასაც მას ედავება შსს, რომ ის არღვევდა წესრიგს ან იგინებოდა, არ ჰქონია ადგილი ბატონი ვარლამის მხრიდან. ახლა ველოდებით სასამართლოს. როგორც ბატონმა ვარლამმა მომახსენა, თავს კარგად გრძნობს. […] როგორც ჩემთვის ცნობილია, დაკავების დროს ადგილი ჰქონდა გარკვეულ ზეწოლას, თუმცა იგი თავს კარგად გრძნობს, იზოლატორში არანაირ ზეგავლენას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა იურისტმა, რომელმაც განმარტა, რომ წინასწარი მოთავსების იზოლატორში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროს პირის მოთავსება 24 საათით, საჭიროების შემთხვევაში კი მაქსიმუმ 48 საათითაა შესაძლებელი.
იურისტი ვარაუდობს, რომ სასამართლო ორშაბათს გაიმართება.
ადვოკატის თქმით, ზაჰესის წინასწარი მოთავსების იზოლატორში მხოლოდ ვარლამ გოლეთიანი იმყოფება, სხვა დაკავებულებს კი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ, თუმცა მათ შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის.
„ადვოკატებს არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, სად იმყოფებოდნენ ეს ადამიანები, არ გვაქვს ინფორმაცია. ჩვენ ახლა შევხვდით ბატონ ვარლამს, რომელიც იმყოფება ზაჰესში, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეხვდნენ სხვა დაკავებულებს, თუმცა რამდენს, არ ვიცი, არ არის სრული ინფორმაცია გავრცელებული“, – განაცხადა მან.
ადვოკატის კომენტარი გვერდმა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ გაავრცელა.
შსს-ს ინფორმაციით, 18 ნოემბერს გარემოს დაცვის სამინისტროს მიმდებარდ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 11 ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცველისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
აქციის მონაწილეები გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებში სამონადირეო ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით მივიდნენ და ეზოში ეზოში შესვლა სურდათ.
აქციის მონაწილეების დაკავებამდე პოლიციელებმა დააზიანეს კარვის კონსტრუქცია, რომლის გაშლასაც აქციის მონაწილეები სამინისტროსთან ცდილობდნენ.
მიუხედავად ამისა, მოგვიანებით, სამინისტროს ეზოს მიმდებარედ კარავი მაინც გაიშალა. აქციის მონაწილეებმა ღამე სამინისტროსთან გაატარეს.
ისინი მოითხოვენ ვარლამ გოლეთიანის და კიდევ 10 დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
ასევე მათი მთავარი მოთხოვნაა, გაუქმდეს შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაზე“ გაცემული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური, 49-წლიანი ლიცენზია.
სწორედ ამ მოთხოვნით გადმოინაცვლა აქციამ რაჭიდან თბილისში.
27 სექტემბრიდან პროტესტის მონაწილეებმა ონში, მერიის წინ კარავი გაშალეს. დაახლოებით 2 თვის უშედეგო პროტესტის შემდეგ კი გადაწყვიტეს, იგივე კარავი თბილისში, გარემოს დაცვის სამინისტროს შენობის წინ გადმოეტანათ.
რამდენიმე ათეული ადამიანი რაჭიდან 18 ნოემბერს, დღის 12:00 საათზე დაიძრა. ისინი თბილისში, სამინისტროს შენობასთან დაახლოებით 18:00 საათზე მივიდნენ. ადგილზე მათ პოლიცია დახვდა, რომელიც დემონსტრანტებს შენობის ეზოში წინა შესასვლელიდან არ შეუშვა.
დაახლოებით 2 საათის განმავლობაში აქციის მონაწილეები პოლიციას ეზოში შეშვებას სთხოვდნენ. თუმცა, უშედეგოდ. შემდეგ აქტივისტებმა კარვის იქ გაშლა დააპირეს, სადაც იდგნენ. ნაწილმა კი გზის სამანქანო ნაწილის გადაკეტვა სცადა. სწორედ მაშინ დააკავა პოლიციამ 13 ადამიანი.
რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აცხადებს, რომ დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გასხვისება ლიცენცია გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველია. მათი თქმით, 3 ნოემბერს სწორედ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაუგზავნეს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს და დღემდე ელოდნენ პასუხის შეკითხვაზე: გაუქმდებოდა თუ არა აღნიშნული ლიცენზია.
მოძრაობის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ასევე ამბობს, რომ ვინაიდან არსებობს ლიცენზიის გაუქმების მკაფიო საფუძვლები, სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი ხედვა საკითხის მხოლოდ დროში გაჭიანურებას ემსახურება. მათივე თქმით, სამინისტროს წარმოდგენილი ორი ფაქტორიდან (კომპანიის მხრიდან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის წარმოუდგენლობა ან/და დაცული ტერიტორიის შექმნა) არცერთი არ გულისხმობს ლიცენზიის გაუქმების უპირობო საფუძველს, შესაბამისად, მისი აზრით, არ არსებობს მყარი გარანტიები, რომ ლიცენზია ნამდვილად გაუქმდება.