გარემოს დაცვის სამინისტრო: რაჭაში ტყე არ გაყიდულა — ლიცენზია გაიცა, ეს გაყიდვა არაა

პუბლიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შენობასთან მიმდინარე აქციის ფონზე, რაჭის ტყეების საკითხზე განცხადებას ავრცელებს.

უწყების მტკიცებით, „ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა – რაჭაში ტყე არ გაყიდულა. ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის”.

შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებით, საპროტესტო აქციის ჩატარების საფუძველი არ არსებობს.

„რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას. ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს – შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმცია. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში.

რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს, როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერ გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროსისთვის არავის მოუმართავს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას”. – აცხადებს გარემოს დაცვის სამინისტრო.

2022 წლის მარტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 104 712 ჰექტარი ტყე, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად, საქართველოს ხელისუფლებამ ინვესტორს, კომპანია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკს” გადასცა. რომლის საბოლოო მესაკუთრე რუსული კავშირების მქონე ბიზნესმენი, დავით ხიდაშელი აღმოჩნდა.

სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად მისთვის გადაცემული ტერიტორია რუსეთის ფედერაციას და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება.

რაჭის მოსახლეობამ, მათმა მხარდამჭერებმა და მოძრაობამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენციის სრულად გაუქმება მოითხოვეს.

მათი განცხადებით, დავით ხიდაშელისთვის რაჭის ტყეების გასხვისების ლიცენცია გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველია.

მათი თქმით, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს სწორედ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაუგზავნეს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს და დღემდე ელოდნენ პასუხის შეკითხვაზე: გაუქმდებოდა თუ არა აღნიშნული ლიცენზია.

მოძრაობის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ასევე ამბობს, რომ ვინაიდან არსებობს ლიცენზიის გაუქმების მკაფიო საფუძვლები, სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი ხედვა საკითხის მხოლოდ დროში გაჭიანურებას ემსახურება.

მათივე თქმით, სამინისტროს წარმოდგენილი ორი ფაქტორიდან (კომპანიის მხრიდან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის წარმოუდგენლობა ან/და დაცული ტერიტორიის შექმნა) – არც ერთი არ გულისხმობს ლიცენზიის გაუქმების უპირობო საფუძველს, შესაბამისად, მისი აზრით, არ არსებობს მყარი გარანტიები, რომ ლიცენზია ნამდვილად გაუქმდება.

15 ნოემბერს დავით ხიდაშელმა განცხადა, რომ  რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა.

„რაჭის ტყეების სამონადირეო ლიცენზია და კომპანია გაყიდა. ანუ ხელშეკრულება უკვე ფორმდება და უახლოეს ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რომ რაჭის ტყეების ლიცენზიის ერთ-ერთი მონაწილე ესპანეთის სამონადირეო მეურნეობებთანაა დაკავშირებული; მეწილე ასევე გახდება სხვა ქართული კომპანიაც”.- წერია დავით ხიდაშელის განცხადებაში.