თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ოქრუაშვილს ციხეში ახალი ბრალი წარუდგინეს.
ადვოკატის თქმით, ბრალი „ბანალურ, ყოფით საქმეზეა“ და ის ორი წლის წინ მომხდარს უკავშირდება. სხვა დეტალებთან დაკავშირებით, ჭაბაშვილმა განაცხადა, რომ „არ იცის და გაარკვევს“.
„რამდენიმე დღის წინ გამომძიებელი შესულა ირაკლი ოქრუაშვილთან და 2 წლის წინანდელ რაღაც ბანალურ, ყოფით თემაზე ბრალი წაუყენებიათ. სამეზობლოში რაღაც შელაპარაკებაზე. დეტალები არ ვიცი, ჩავერთვები საქმეში და გავარკვევ“, – უთხრა „ტვ პირველს“ ადვოკატმა.
ირაკლი ოქრუაშვილის ახალ ბრალთან დაკავშირებით პროკურატურას ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე გირაოს გადაუხდელობის გამო ირაკლი ოქრუაშვილი 14 მაისს სასამართლოს დარბაზში დააკავეს.
8 აპრილს ოქრუაშვილს „ქართული ოცნების“ პარლამენტში თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საქმის წარმოების დასრულებამდე საქართველოს საზღვრის კვეთა აეკრძალა. ოქრუაშვილს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე ჰქონდა განსაზღვრული. ვადა 8 მაისს ამოიწურა.
წულუკიანის კომისიის სხდომებზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.