ადვოკატის თქმით, სასამართლოდან ვერ იღებენ სარეზოლუციო ნაწილს, რაც შეწყალებისთვისაა საჭირო

პუბლიკა
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დაცვის მხარე განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს სასამართლოსგან ვერ იღებს. მათთვის გაგზავნილი წერილობითი პასუხით ირკვევა, რომ სასამართლო აპირებს, რომ დაცვის მხარეს განაჩენის  სრული ვერსია [ე.წ. სამოტივაციო ნაწილი] გადასცეს და ამისთვის სავარაუდოდ, მაქსიმალურ, 14 დღეს გამოიყენებს.

„მარტის მოვლენების” საქმეზე 12 აპრილს ლაზარე გრიგორიადისს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იმავე საღამოს განაცხადა, რომ ის გრიგორიადისის შეწყალებას აპირებს, რასაც პროცედურული საკითხების მოგვარება უძღვის წინ.

განაჩენის გამოცხადებიდან ერთი კვირის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისი კვლავ საპატიმროშია. რა ხდება და სად არის პროცესი „გაჭედილი”, – „პუბლიკა” განმარტების მისაღებად მსჯავრდებულის ადვოკატს, დიმიტრი ნოზაძეს ესაუბრა.

ადვოკატის განმარტებით, შეწყალების აქტის გამოსაცემად საჭიროა განაჩენი – ეს შეიძლება იყოს ან სარეზოლუციო ნაწილი  ან დასაბუთებული გადაწყვეტილება [ე.წ. სამოტივაციო ნაწილი]. მისი თქმით, როდესაც განცხადებით მიმართავ და გინდა, რომ ამა თუ იმ პირის მიმართ შეწყალების აქტი გამოიცეს, განცხადებას თან ურთავ განაჩენს.

აღსანიშნავია, რომ განაჩენი შედგება შესავალი, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. მოსამართლე დარბაზში საჯაროდ სწორედ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს აცხადებს.

ადვოკატი აცხადებს, რომ განაჩენის გამოცხადების დღესვე ოჯახმა და ადვოკატებმა პრეზიდენტს ლაზარეს შეწყალებისთვის მიმართეს. ვინაიდან, იმავე საღამოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას ლაზარეს შეწყალების გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა, დაცვის მხარემ 15 აპრილს წერილობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ანუ ის ნაწილი, რომელიც მოსამართლემ სხდომაზევე გამოაცხადა.

„მეორე დღეს კი მომცეს ცნობა, რომ განაჩენი [დასაბუთებული გადაწყვეტილება] იქნება 14 დღეში. მე არ ვითხოვ სამოტივაციოს, მე ვითხოვდი სარეზოლუციო ნაწილს და არ მომცეს… ავდექი და მეორე დღეს კიდევ მივმართე, მომცეს მსგავსი პასუხი, რომ განაჩენი იქნება 14 დღეში”, – ამბობს ნოზაძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ სასამართლო განაჩენის მოსამზადებლად კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ვადას იყენებს.

საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, განაჩენის ასლი მსჯავრდებულს უნდა გადაეცეს განაჩენის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან საქმეზე – არა უგვიანეს 14 დღისა.

„14 დღე გადის 26 აპრილს. 26 აპრილამდე უნდა იყოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, ამ თარიღს სასამართლო ვეღარ გადაწევს… ფაქტობრივად, შეწყალება ვერ შედის ძალაში. ხელოვნურად ხდება ამ პირის პატიმრობაში დატოვება”, – ამბობს ადვოკატი „პუბლიკასთან”.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ შეწყალების აქტი დაეფუძნოს სასამართლოს სხდომაზე საჯაროდ გამოცხადებულ სარეზოლუციო ნაწილს, ადვოკატი ამბობს, რომ თეორიულად თუ ვიმსჯელებთ, შესაძლებელი უნდა იყოს, თუმცა გადაჭრით  პასუხისგან ის მაინც თავს იკავებს.

„რამდენად სწორი იქნება ამაზე დაყრდნობა, არ ვიცი. წერილობით ვერსიაში დატანილია საქმის ნომერი, საჭირო რეკვიზიტები და ა.შ. რაც საინფორმაციო წყაროებში არ გაჟღერებულა”, – ამბობს ადვოკატი.

„პუბლიკა” დაუკავშირდა მოსამართლე ზვიად შარაძის თანაშემწეს. მისი თქმით, მხარეებისთვის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს განაჩენის ასლის [განაჩენის, ანუ დოკუმენტი განაჩენის ყველა ნაწილით] გადაცემას, რისთვისაც, როგორც აღინიშნა, 14-დღიან ვადას ირჩევენ.

როგორც მოსამართლის თანაშემწე განმარტავს, ადვოკატებს უმოკლეს ვადაში გაეცათ პასუხი, სადაც წერია, რომ „საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადაეცემათ შესაბამისი განაჩენი, ვინაიდან საპროცესო კანონმდებლობით, გათვალისწინებულია მხარეებისთვის განაჩენის ასლის გადაცემა”.

„პუბლიკის” შეკითხვაზე, „მხარეებისთვის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი არ გადაგიციათ არასდროს?” პასუხობს – „მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ”.

ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე სასამართლოს ამ განმარტებას, აბსურდულს უწოდებს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მათ მიერ მოთხოვნილი არის ისეთი დოკუმენტი/ განაჩენის ის ნაწილი, რომელიც მოსამართლემ სხდომაზე საჯაროდ ისედაც წაიკითხა.

მისივე თქმით, პრაქტიკაში არაერთხელ ჰქონია შემთხვევა, როდესაც სასამართლოდან მიუღია განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, ზოგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე დღეში.

„პუბლიკა” პრესსამსახურის დახმარებით ცდილობს მიიღოს შეკითხვაზე პასუხი – რატომ არ გასცემს საქალაქო სასამართლო ლაზარე გრიგორიადისის 12 აპრილის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს დაცვის მხარეზე. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.