აეროპორტების გაერთიანება: საჰაერო ხომალდზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დასტურდება

პუბლიკა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის ცნობით, ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში მობრუნებულ თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა და რეისი 19:00 საათზე შესრულდება. მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხომალდზე ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება, მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში, აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს, 19:00 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას.

არცერთ სხვა რეისს არ ჰქონია შეფერხება და დაგვიანება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, ჩვენი კომპეტენცია აქ არ არის და შესაბამისი სამსახურები ასრულებენ პროცედურებს. დარწმუნებული ვარ, ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას, თუმცა ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, მოცემული მომენტისთვის მიღებული ინფორმაცია არანაირად არ დასტურდება”, – განაცხადა მან.

დღეს აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.