აფგან მუხთარლი გეგმავს, როგორც კი შესაძლებლობა ექნება, საქართველოში ჩამოვიდეს - ადვოკატი

პუბლიკა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც მარტში გაათავისუფლეს პატიმრობიდან, საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. „პუბლიკას“ ეს ინფორმაცია ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა დაუდასტურა.

ადვოკატის თქმით, მუხთარლი, შესაძლებლობისთანავე ჩამოვა საქართველოში და ჩვენებას მისცემს. ჩოფიკაშვილი ამბობს, რომ ის საგამოძიებო უწყებებს დაბარებული არ ჰყავთ და მან ჩვენების მიცემა საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტა.

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წელს თბილისიდან გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს.

მუხთარლის ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედებოდა. ჟურნალისტს აზერბაიჯანში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ორწლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში მუხთარლიმ განაცხადა, რომ სამივე გამტაცებლის სახე დაინახა და ფოტოების ნახვის შემთხვევაში სამივეს ამოიცნობს. მუხთარლის თქმით, ამ საქმეში ჩართული იყო კრიმინალური პოლიცია, ეროვნული უშიშროების სამსახური, სასაზღვრო ჯარები და ლაგოდეხის რაიონის სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელი, ასევე ეს ინფორმაცია ჰქონდა, მინიმუმ, გიორგი კვირიკაშვილსაც. ამასთანავე, მუხთარლიმ განაცხადა, რომ მისი გატაცება იყო დაკვეთა და ამაში აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ მხარეს 3 მილიონი დოლარი გადაუხადა.