ჩემი გატაცებისთვის ქართულ მხარეს 3 მილიონი დოლარი გადაუხადეს - აფგან მუხთარლი

პუბლიკა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს პატიმრობიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში აცხადებს, რომ მისი გატაცება იყო დაკვეთა და ამაში აზერბაიჯანულმა მხარემ ქართულ მხარეს 3 მილიონი დოლარი გადაუხადა.

„როცა აზერბაიჯანში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მესაუბრა, ის პრეზიდენტის აპარატში მუშაობს, მან მითხრა, რომ ამ გატაცებისთვის ქართულ მხარეს 3 000 000 დოლარი გადაუხადეს.

ეს მითხრეს ბაქოში დაახლოებით 5 თვის წინ. ამას გარდა,  3 წლის განმავლობაში, როცა მე თბილისში ვცხოვრობდი, მაშინაც იხდიდნენ. ეს სამი წელი გრძელდებოდა და ბოლოს დამაპატიმრეს. როოგოც ვხვდები, უნდოდათ კანონიერად ჩემი დაპატიმრება, მაგრამ ვერ შეძლეს და მერე გამიტაცეს“, – განაცხადა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა.

მისი თქმით, გატაცებაში ჩართული იყო კრიმინალური პოლიცია, ეროვნული უსაფრთხოების სამსახური, სასაზღვრო ჯარები და ლაგოდეხის სასაზღვრო პუნქტის ხელმძღვანელი.

„მე ან კრიმინალურმა პოლიციამ გამიტაცა, ან ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა. საზღვარზე სასაზღვრო ჯარმა გადამიშვა. სრულიად უპასპორტოდ.

ეს ყველაფერი მაღალ დონეზე იყო შეთხნმებული. მინიმუმ კვირიკაშვილთან შეთანხმდა“, – თქვა აფგან მუხთარლიმ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

აფგან მუხთარლი, რომელიც ორი წლის წინ თბილისიდან გაიტაცეს, ციხიდან 17 დეკემბერს გათავისუფლდა.

აფგან მუხთარლის ბრალად სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდის გადატანა ედებოდა. ჟურნალისტს აზერბაიჯანში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.