აფგან მუხთარლი ვახტანგ გომელაურის გადაყენებას მოითხოვს და პრემიერსა და პარლამენტს მიმართავს

პუბლიკა

აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ მთავრობის ადმინისტრაციასა და პარლამენტში ვახტანგ გომელაურის გადადგომის თხოვნით განცხადებები შეიტანა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი პრემიერ-მინისტრს სთხოვს, გადააყენოს შს მინისტრი, ხოლო პარლამენტს მიმართავს, რომ აიძულოს მთავრობის მეთაური, გადააყენოს გომელაური.

აფგან მუხთარლის პოზიციით, ვახტანგ გომელაურს გავლენა აქვს მისი გატაცების საქმის გამოძიებაზე.

მუხთარლი საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა სოსო გოგაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ისაუბრა, რომ მუხთარლის გატაცების გეგმა ვახტანგ გომელაურმა ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით შეასრულა და ამის ამსახველი მასალა გაანადგურა.

აფგან მუხთარლის სურდა, დაზარალებულის სტატუსით გაცნობოდა სოსო გოგაშვილის ჩვენებას, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა.

„მივმართავ საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს, რომ თანამდებობიდან გაათავისუფლონ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. როგორც იცით, სოსო გოგაშვილმა ჩვენება მისცა და თქვა, რომ ჩემი გატაცება გომელაურის მიერაა ორგანიზებული. ის ახლა თანამდებობაზეა და  ზეწოლას ახდენს გამოძიებაზე.

მინდოდა, გავცნობოდი გოგაშვილის ჩვენებას. პროკურატურიდან გვითხრეს, რომ პრობლემა არ იყო, მაგრამ როცა ადვოკატთან ერთად მივედი, უარი გვითხრეს. მიმაჩნია, რომ ეს იყო ხელისუფლების მხრიდან დაკვეთა.

დემოკრატიულ სახელმწიფოში ასეთი მინისტრი თვითონ უნდა მიდიოდეს თანამდებობიდან და თუ არ მიდის, პრემიერი უშვებს მას. ველოდი, რომ საქართველოში ასე მოხდებოდა, ხელისუფლება საჩვენებლად მაინც მოხსნიდა მას, მაგრამ ასე არ მოხდა. კანონით მაქვს უფლება, გავეცნო გამოძიების მასალებს, მაგრამ ამის უფლება არ მეძლევა. ვფიქრობ, გომელაური უშლის ამას ხელს“, – განაცხადა მუხთარლიმ მედიასთან. [„ფორმულას“ თარგმანი]


სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ მუხთარლის გატაცება ბიძინა ივანიშვილის დავალება იყო, რომელიც „სუსის ზონდერებიმა“ შეასრულეს, ვიდეომასალები კი „ოტომ წაშალა“. მან ასევე ერთ-ერთ განცხადებაში ახსენა, რომ მუხთარლის გატაცების ამსახველი კამერები ლაგოდეხამდე წაიშალა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს, საღამოს, თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. აზერბაიჯანში მას ბრალად წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა. აფგან მუხთარლი ამბობდა, რომ ის პოლიტპატიმარია და აზერბაიჯანის მთავრობა როგორც ჟურნალისტს დევნიდა. ის ასევე ამბობდა, რომ მისი გატაცების საქმეში მონაწილეობდა როგორც აზერბაიჯანის ისე საქართველოს ხელისუფლება. აფგან მუხთარლის მხარდამჭერი აქციები თბილისში მთავრობის კანცელარიასთან იმართებოდა. აზერბაიჯანში მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  ჟურნალისტი სამწლიანი პატიმრობის შემდეგ 2020 წლის 17 მარტს გათავისუფლდა, რის შემდეგაც გერმანიაში გაემგზავრა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა.

 

 

LB loan image desktop LB loan image mobile