სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, დღეს, 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და აფგან სადიგოვისთვის გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეცვალა. დღესვე აფგან სადიგოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ორგანიზაციის განცხადებით, ხვალ, 13:00 საათზე აფგან სადიგოვთან ერთად პრესკონფერენციას გამართავენ, სადაც მის პოზიციას, მოთხოვნებსა და მოწოდებებს წარადგენენ.
„საქართველოს კანონმდებლობით, ექსტრადიციის მიზნით პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეს შეადგენს. აფგან სადიგოვის შემთხვევაში ეს ვადა 2025 წლის 3 მაისს იწურებოდა, რის გამოც საქართველოს პროკურატურა იძულებული გახდა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიემართა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ითხოვდა, რომ აფგან სადიგოვის მიმართ საერთოდ არ გამოყენებულიყო აღკვეთის ღონისძიება თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და აფგან სადიგოვს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა“.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვის მიმართ აღნიშნული განჩინება სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2025 წლის 27 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას დააფუძნა, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას დევნილი ჟურნალისტის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აეკრძალა.
აფგან სადიგოვის ექსტრადიცია აზერბაიჯანში აკრძალულია მანამ, სანამ სტრასბურგის სასამართლო საქმეზე არსებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს – პროცესი კი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს.