კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „TV პირველთან“ აცხადებს, რომ აფხაზებს რუსეთისგან აქვთ მკაფიო შეტყობინება, თუ ვინმე დაავადდება ახალი კორონავირუსული ინფექციით, მათ მკურნალობა აფხაზეთში მოუწევთ.
„როგორც ჩანს, აქვთ გარკვეული ტესტები რუსეთიდან და რუსეთშიც აგზავნიან. რუსეთიდან აქვთ ძალიან მკაფიო შეტყობინება, რომ – თუ ვინმე დაავადდება, მათ მკურნალობა მოუწევთ აფხაზეთის ტერიტორიაზე. ანუ ეს არის სიახლე, რამაც შეაშფოთა აფხაზები. ამიტომაც დღეს, შეიძლება არამხოლოდ ამიტომ დაემთხვა ამ ინფორმაციას ის, რომ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, ისე, რომ ჯერ არ არის დაფიქსირებული ოფიციალურად დაავადებული ადამიანი“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, აფხაზები ათავისუფლებენ გუდაუთის საავადმყოფოს, სადაც სავარაუდო ინფიცირებულებს გადაიყვანენ.
„გუდაუთის საავადმყოფოს ათავისუფლებენ ახლა და ის უნდა გადააქციონ სარეზერვო საავადმყოფოდ, სადაც შეიძლება მოთავსდნენ ავადმყოფები. ანუ ავადმყოფები რომ ჰყავდეთ, მათ ალბათ გადაიყვანენ გუდაუთაში. საგანგებო რეჟიმში მუშაობს სოხუმის საავადმყოფოც“, – თქვა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ჯანდაცვის სისტემა აქამდე ემსახურებოდა პაციენტებს აფხაზეთიდან და ამ შემთხვევაში, თუ მოხდა მოსახლეობის დაინფიცირება, სხვადასხვა ფორმით საქართველოს უნდა სთხოვონ მკურნალობა.
„ეჭვი მეპარება, რომ მათ ჰქონდეთ ამის [მკურნალობის] რესურსები, წამლები განსაკუთრებული არ არსებობს და ალბათ რუსეთისგან რაღაცას მიიღებენ, ასევე რუსეთმა უარი უთხრა უკვე გადაყვანაზე. ერთადერთი რჩება საქართველო. ამისთვის მათ უნდა სთხოვონ ოფიციალურად. ეს არ ნიშნავს, რომ საჯაროდ, ტელევიზიით და ა.შ. ცხელი ხაზები არსებობს, არის სხვადასხვა ფორმები, რათა მოხდეს ხმაურის გარეშე საქართველოსთვის ამის თხოვნა. მაგრამ ეს არ დაიმალება, აფხაზეთის საზოგადოება პატარაა და ჭორის დონეზე მაინც გავრცელდება ინფორმაცია“, – თქვა ზაქარეიშვილმა.