ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

პუბლიკა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განკარგულებას.

„რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, „განკარგულების“ თანახმად, კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების აღსაკვეთად და მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება 28 მარტიდან 20 აპრილამდე.

ბგანბას მიერ გამოცემულ „განკარგულებას“ მხარი დაუჭირა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა. მისმა „სპიკერმა“ ვალერი ქვარჩიამ სოხუმში ჟურნალისტებს უთხრა, რომ გამოცხადდება კომენდანტის საათიც და იზღუდება ტრანსპორტის მოძრაობაც.