აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ გამორიცხავს

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოხუმში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მიიღებს ზომებს დე ფაქტო რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე.

„საჭიროების შემთხვევაში, მე მივიღებ ზომებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე. მოვლენების ამგავრი განვითარება უკვე განიხილეს უშიშროების საბჭოში”, – ნათქვამია მის განცხადებაში.

დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაჯიმბა მოსახლეობას მოუწოდებს, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციებს არ აყვნენ.

„რადიო თავისუფლების” ცნობით, დღეს სოხუმში აქციის მონაწილეებმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. იქ ამჟამად, მხოლოდ დემონსტრანტები იმყოფებიან. ჩამსხვრეულია ადმინისტრაციული შენობის პირველი სართულის ფანჯრის მინები.

ფოტო: რადიო თავისუფლება/Anaid Gogoryan

რუსული პროსამთავრობო მედიის, „РИА Новост-ის” ცნობით, ოპოზიციის 200-მდე წარმომადგენელი შენობაში იმყოფება და შიგნით არავის უშვებს. ისინი აგრძელებენ მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტის ხაჯიმბას გადადგომის მოთხოვნას.

ამავე მედიის ცნოვით, ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლების მეთაურმა ძალოვანი სტრუქტურები გაძლიერებულ რეჟიმზე გადაიყვანა.


ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

დღეს აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციონერი საპრეზიდენტო კანდიდატის, ალხაზ კვიცინიას საჩივრის განხილვა დაიწყო. კვიცინია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გაუქმებას მოითხოვს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სექტემბერში გაიმართა და მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ოპოზიციონერი კანდიდატი მცირედი უპირატესობით დაამარცხა. ხაჯიმბამ ხმების 47.39% მიიღო, კვიცინიამ კი – 46.17%, თუმცა ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო.

 

LB loan image desktop LB loan image mobile