აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოლეგ ბარციცმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს ოკუპაციის კანონი და ხელი მოაწეროს შეთანხმებას „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ”.
ბარციცის კომენტარს რუსული სამთავრობო გამოცემა TASS ავრცელებს.
„საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ მათ სურთ, გააუმჯობესონ ურთიერთობები მთავარ მეზობლებთან – აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენთვის შეუმჩნეველი არ რჩება, მაგრამ ამავდროულად საჭიროა პრაქტიკული დადასტურებები და რეალური ნაბიჯები.
ჩემი აზრით, ასეთი ნაბიჯი შეიძლება იყოს რამდენიმე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება. ასევე, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია – ხელი მოაწერონ სამხედრო ძალის გამოუყენებლობაზე შეთანხმებას”. – თქვა მან.
57 წლის ოლეგ ბარციცმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე სერგეი შამბა 18 აპრილს შეცვალა.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო უწყებამ 25 მარტსაც გაავრცელა განცხადება, რომლითაც თბილისს მოუწოდა, „უარი თქვას პოლიტიკურად მოტივირებულ რიტორიკაზე” და ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას.
ძალის გამოუყენებლობა ჟენევის დისკუსიების მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხია.
საქართველომ ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი პირობა 2010 წელს დადო და იმავეს ითხოვს რუსეთის ფედერაციისგანაც. რუსეთი კი აცხადებს, რომ თავად მხარე არ არის და შეთანხმება უნდა გაფორმდეს აფხაზეთსა და ოსეთთან, როგორც დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან. ქართული მხარისთვის ეს ინიციატივა მიუღებელი იყო.
რაც შეეხება ოკუპაციის შესახებ კანონს — უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;
ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.