გუნბა საქართველოზე: ადრე თუ გვიან ჩვენს მეზობლებს არსებული რეალობის მიღება მოუწევთ

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეული პრეზიდენტი, ბადრა გუნბა საქართველოს შესახებ ამბობს, რომ „მეზობლებს მოუწევთ, გაიგონ და მიიღონ ის რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით“.

რუსულ სამთავრობო გამოცემა Tass-თან ინტერვიუში თქვა:

„ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების საკითხები შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების, ასევე ძალის გამოუყენებლობის ფუნდამენტური დოკუმენტების ხელმოწერის პირობებში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო ნამდვილად მზად არის ასეთი ნაბიჯების გადასადგმელად. ადრე თუ გვიან ჩვენს მეზობლებს მოუწევთ, გაიგონ და მიიღონ რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით“, – თქვა ბადრა გუნბამ.

გუნბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ე.წ არჩევნების II ტური 1 მარტს გაიმართა.

5 მარტს ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. პუტინმა გუნბას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მის შედეგს „კარგი“ უწოდა.

Tass-სთან ინტერვიუში მან ილაპარაკა „აფხაზეთის სუვერენიტეტთან” დაკავშირებითაც.

„აფხაზეთის მოსახლეობამ თავისი მომავალი განსაზღვრა – მომავალი, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს განვითარებაშია. რუსეთის ფედერაციამ მხარი დაუჭირა აფხაზეთის ხალხის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ათასობით შვილმა გამოხატა. ამიტომ, ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთის აზრს, რომელმაც მხარი დაუჭირა და აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

ამ თვალსაზრისით, 5 მარტს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია პატივს სცემს ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. და ჩვენ გავაგრძელებთ სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების მშენებლობას. ეს არის ის საფუძველი, რომელსაც ვეყრდნობით. ამისთვის იბრძოდა აფხაზი ხალხი ასწლეულების განმავლობაში“, – თქვა მან.

კითხვაზე, „რა ბედი ელის რუსეთსა და აფხაზეთს შორის საინვესტიციო ხელშეკრულებას”, რამაც ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი და წინა ე.წ. პრეზიდენტის გადადგომა გამოიწვია, ბადრა გუნბა პასუხობს:

„საინვესტიციო ხელშეკრულების საკითხზე, რამაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებში დიდი ემოცია და აღშფოთება გამოიწვია, კომპეტენტურ ორგანოებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ლიდერებსაც დავუკავშირდი. მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ნაწილობრივ პოლიტიზებული იყო და ნაწილობრივ ის, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ჩვენი საზოგადოებისთვის მიეწოდებინა დასახული დადებითი ასპექტები.

მაგრამ თუ საზოგადოება ამბობს, რომ ჩვენ არ გვჭირდება ასეთი შეთანხმება, მაშინ მე, როგორც პასუხისმგებელმა პირმა, უნდა მოვუსმინო ჩვენი ხალხის აზრს. მე გამოვედი ინიციატივით ჩემს რუს კოლეგებთან, რომ არ მიიღონ ასეთი გადაწყვეტილებები ამ ფორმით. ჩვენი რუსი კოლეგები გაგებით მოეკიდნენ ამ საკითხს და ამ ფორმით საინვესტიციო შეთანხმება ახლა ნამდვილად არ იქნება“.