„აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“ - სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პუბლიკა

„აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და არსებითია მისი დროული გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების თავიდან აცილებისა და მისი უსაფრთხოების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით“, – ამის შესახებ განცხადებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოს მთავრობას მოუწოდებს:

  1. გააძლიეროს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე მუშაობა ირაკლი ბებუას გადმოცემისა და მისი უფლებების დაცვის მიზნით;
  2. გამოიყენოს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ყველა ფორმალური და არაფორმალური გზა ირაკლი ბებუას გათავისუფლებისა და თბილისისთვის გადმოცემის მიზნით;
  3. ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტამდე, მისი ჯანმრთელობისა და უფლებების დაცვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ წარმართოს მოლაპარაკებები აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო აპარატურის/მედიკამენტების მიწოდება და სხვა საჭირო ინტერვენციების განხორციელება.

„ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების განცხადებით, ირაკლი მძიმე საპატიმრო პირობებში იმყოფება და იმ ფონზე კი, როცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაკავებამდეც სუსტი იყო, მისი მდგომარეობა ახლა დამძიმებულია. ირაკლი ბებუას აქვს ქრონიკული დაავადებები და გალში, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის გამო, თითქმის 4 წელი ვერ იღებდა მისთვის აუცილებელ მკურნალობას.

აფხაზეთში პატიმრობის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შემოწმდა, თუმცა, გამოკვლევები არ არის სრულყოფილი შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო. ირაკლი ბებუას ოჯახის წევრების განცხადებით, იმის გამო, რომ ვერ ხდება დაავადების შესაბამისი გამოკვლევა, ვერ ინიშნება სათანადო და ადეკვატური მკურნალობაც. ირაკლი ბებუას მდგომარეობა მუდმივად მძიმდება, ამ პერიოდში მას აქვს მძიმე ტკივილები თავისა და წელის არეში და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის ცნობით, აფხაზეთში სასჯელის გამოყენების წესის შესაბამისად (რომელიც დაკისრებული სასჯელის რეალური მოხდის ვადას 2-ჯერ ამცირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე), ირაკლი ბებუას 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე. „აფხაზეთში „ომში გამარჯვების“ 30 წლის თავთან დაკავშირებით გამოაცხადეს ამნისტია მთელ რიგ დანაშაულებზე, თუმცა ოჯახის წევრების ინფორმაციით, ირაკლის ამინისტია იმთავითვე განსაზღვრული იყო რომ არ შეეხებოდა, რადგან დე-ფაქტო ორგანოებს მისი საქმის მიმართ პრინციპული დამოკიდებულება აქვთ”, – წერია ორგანიზაციის განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, ირაკლი ბებუას ოჯახს სისტემატიური კონტაქტი აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან, მისი საკითხი განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატშიც, თუმცა, ოჯახის წევრების განცხადებით, არაერთი დაპირების მიუხედავად, ირაკლის განთავისუფლებაზე ხელისუფლება დე-ფაქტო ორგანოებთან შეთანხმებას ვერ აღწევს.


ირაკლი ბებუა გალის რაიონში, 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს აფხაზური დროშის დაწვის ფაქტზე. ფაქტის ამსახველ ვიდეოში ბებუა ამბობს, რომ დროშა შეგნებულად დაწვა, რადგან არ მოსწონს 27 სექტემბერს – სოხუმის დაცემის დღის აფხაზეთში ზეიმით აღნიშვნა და „სურს ქართველებისა და აფხაზების ძმურად ყოფნა“.

ირაკლი ბებუა დროშის დაწვიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. იმავე დღეს, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის დროს დე ფაქტო მილიციამ ამოიღო ხელყუმბარა, რომელსაც, მათი მტკიცებით, ბებუა საკუთარი ბალიშის ქვეშ ინახავდა. ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 000 რუბლის ოდენობის ჯარიმა შეეფარდა.