აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით ასლან ბჟანია იმარჯვებს

პუბლიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით ასლან ბჟანია იმარჯვებს. ბჟანია არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატი იყო.

ასლან ბჟანიას საარჩევნო შტაბის მიხედვით, ოპოზიციონერ კანდიდატს ამ დროისთვის ხმების 57.3% აქვს მიღებული. ხოლო მეორე ადგილზე ყოფილი მინისტრი ადგურ არძინბაა, რომელმაც ხმების 35.88% მიიღო. მესამე კანდიდატს ლეონიდ ძაპშპას ხმების – 2.15% აქვს. ხოლო „ყველას წინააღმდეგ“ ამომრჩეველთა 1.11%-მა შემოხაზა.

ასლან ბჟანია რამდენიმე კვირის წინ რუსეთში ცუდად გახდა და საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს. მისი მხარდამჭერები შიშობდნენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი შესაძლოა, მოწამლული ყოფილიყო, თუმცა რუსმა ექიმებმა შემდეგ ეს დიაგნოზი არ დასვეს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებსა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოჰყვა.

ოპოზიციის მხარდამჭერები გასულ წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ, საპროტესტო აქციებთან ერთად ოპოზიციამ არჩევნების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში სარჩელიც შეიტანა, რომელიც საბოლოოდ ე.წ. უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა, ანულირება გაუკეთა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკანონოდ ცნო.