აფრიკის დასახლებაში ერთ-ერთი მოქალაქე სისხლის სამართლის წესით დააკავეს - სახალხო დამცველის მოადგილე

პუბლიკა

სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის თქმით, დღეს აფრიკის დასახლებში სახლების დემონტაჟის დროს 12 მოქალაქე დააკავეს, რომელთაგან ერთი, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული.

როგორც გიორგი ბურჯანაძემ „პუბლიკას“ უთხრა, მისი ინფორმაციით, 11 მოქალაქე ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და ხელწერილით გაათავისუფლეს. ერთ-ერთი მოქალაქე კი, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლითაა დაკავებული, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, საზოგადოებრვი წესრიგის დაცვის ხელის შეშლის მიზნით და სასჯელის ერთ-ერთ ზომად 2-დან 5 წლამდე პატიმრობასაც მოიცავს:

„პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე“, – ნათქვამია სისხლის სამართლის კოდექსში.

გიორგი ბურჯანაძის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი დააკვირდება ამ დაკავებულის საქმეს და შეისწავლის, მის მიმართ ბრალდების წარდგენის საფუძველს.

„პუბლიკა“ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ცდილობს.