აფრიკის დასახლებაში პოლიციამ საპროტესტო აქციის ათამდე მონაწილე დააკავა

პუბლიკა

ამ წუთებში თბილისში, აფრიკის დასახლებაში, პოლიცია საპროტესტო აქციის მონაწილეებს აკავებს. შსს ამ დროისთვის 8 ადამიანის დაკავებას ადასტურებს. როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, დაკავებულები არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით.

სანაძის ქუჩაზე, ვითარება დილიდან დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ადგილობრივები სახლების დემონტაჟის პროცესს აპროტესტებენ. დილიდან რამდენჯერმე იყო შეხლა-შემოხლა სამართალდამცველებსა და ადგილობრივებს შორის.

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო.

„ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოვლინდა სამშენებლო სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მიმდინარე წელს მოკვლევა დაიწყო“, – წერია განცხადებაში.

მუნიციპალური ინსპექციის თქმით, მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო.