„აგარანის მამული“ კიდევ ერთხელ ეხმაურება სასტუმროში მომხდარ ინციდენტს და მოვლენებს ქრონოლოგიურად აღწერს.
„აგარანის მამული“ წერს:
„18 ივლისს სასტუმროს ტერიტორიის ნაწილი, განთავსების მოცულობის დაახლოებით ერთი მესამედი ქორწილს ეთმობოდა. ამ დღეს სასტუმრო თითქმის სრულად იყო დატვირთული, ხოლო სხვა სტუმრები წინასწარ იყვნენ ინფორმირებულნი სასტუმროში ქორწილის შესახებ.
დაახლოებით 20:16 საათზე ქორწილის მონაწილეებსა და სასტუმროს სხვა სტუმრებს შორის დაიწყო სიტყვიერი დაპირისპირება. სასტუმროს ვიდეოჩანაწერებიდან ჩანს, რომ ქორწილის სტუმრები იყურებიან სასტუმროს ზედა სართულების მიმართულებით და მიუთითებენ გარკვეულ გარემოებაზე. დაპირისპირებას წინ უძღოდა მუსიკალურ აპარატურაზე სითხის გადმოსხმის ფაქტი.
ინციდენტის დაფიქსირებისთანავე სასტუმროს პერსონალი და უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო და ეცადა კონფლიქტური სიტუაციის განეიტრალებას.
20:20 საათზე, სიტყვიერი დაპირისპირების დაწყებიდან დაახლოებით ოთხ წუთში სასტუმროს თანამშრომლები ავიდნენ შესაბამის სტუმრებთან ნომერში. ისინი 20:26 საათამდე იმყოფებოდნენ სტუმრებთან და ცდილობდნენ ვითარების განმუხტვასა და კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებას.
სტუმრებთან კომუნიკაციის შემდეგ, დაახლოებით 20:28 საათზე უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საქორწინო ღონისძიების მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ სასტუმრო გეგმავდა სტუმრების ალტერნატიულ ნომერში გადაყვანას, რათა მხარეებს შორის ვიზუალური ან სხვა კონტაქტი აღკვეთილიყო.
20:30-დან 20:37 საათამდე სასტუმროს მიმღებ დესკზე მიმდინარეობდა ალტერნატიული ნომრის მოძიება. ამავე პერიოდში სასტუმრო დაუკავშირდა აღნიშნული სტუმრების თანმხლებ გიდს, აცნობა შექმნილი კონფლიქტური სიტუაციის შესახებ და სთხოვა სასტუმროში მისვლა. განიხილებოდა სტუმრების სასტუმროდან სხვა სასტუმროში გადაყვანა.
20:39 საათზე სასტუმროს ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება სამართალდამცავი ორგანოების გამოძახების შესახებ – განხორციელდა ზარი 112-ში. შესაბამისად, პოლიცია სასტუმროს ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ ფიზიკური დაპირისპირების დაწყებამდე გამოიძახა.
20:40 საათზე უსაფრთხოების თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ საქორწინო ღონისძიების ერთ-ერთი მონაწილე ლიფტით ზედა სართულზე ავიდა. მას მყისიერად გაჰყვა სასტუმროს თანამშრომელი, თუმცა სანამ ლიფტი დაბრუნდა და თანამშრომელი ავიდა მე-3 სართულზე, 20:42 საათისთვის ფიზიკური დაპირისპირება უკვე მომხდარი იყო.
ფიზიკური ინციდენტისთანავე სასტუმროს ადმინისტრაციამ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
20:55 საათზე სასტუმროში მოვიდა სტუმრების თანმხლები გიდი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
21:09 საათზე სასტუმროში მოვიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სასტუმროს ადმინისტრაციამ ინციდენტის თავიდან ასაცილებლად და ვითარების დეესკალაციისთვის მის ხელთ არსებული შესაძლებლობები გამოიყენა. პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი, რომლებიც მხარეებს შორის კონტაქტის აღკვეთასა და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობდნენ.
სასტუმრო თანამშრომლობს გამოძიებასთან. სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა სასტუმროს ხელთ არსებული ვიდეოჩანაწერები და სხვა შესაბამისი ინფორმაცია.
ამავე დროს ვაცნობიერებთ, რომ მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, ინციდენტის თავიდან აცილება სამწუხაროდ ვერ მოხერხდა და ვიღებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას მომხდართან დაკავშირებით“.
19 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დააკავეს გიორგი ჭიღლაძე.
დაკავებას წინ უძღოდა კონფლიქტის ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელება სოციალურ ქსელებში. ვიდეოში ჩანს, რომ ჭიღლაძე სასტუმროს ნომერში მყოფ რუს ქალს ეკამათება, შემდეგ კი სახეში ხელს ურტყამს. ვიდეო რუსეთის მოქალაქეებმა გაავრცელეს და კონფლიქტის დაწყების მიზეზად მათ მიერ რუსულად ლაპარაკი დაასახელეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა რუსი ქალების მხრიდან სასტუმროში მიმდინარე ქორწილის სტუმრების შეურაცხყოფა.
შსს-ის განცხადების თანახმად:
„მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს.
დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდებულის ადვოკატის, ლაშა კაპანაძის თქმით, ქალმა ყელის არეში დაზიანება თავად ჭიღლაძესაც მიაყენა. „გიორგი ჭიღლაძე რუსების მიერ მოწყობილი პროვოკაციის მსხვერპლია, თავადაც დაზარალებული“,- წერს ადვოკატი. არსებული ინფორმაციით, დაკავებული სიძის ძმაა.
შსს-მ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო ქორწილში დაქირავებული მომღერლის, ალექსანდრე მრელაშვილის მიმართაც, რომელიც პოლიციაში მოწმის სახით დაიბარეს.
შსს-ის განცხადებით, თელავის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილის გამოკითხვა.
„მან გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, რა დროსაც პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა. აღნიშნულ ფაქტზე მის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ის დაკავებული არ არის“, – განაცხადა შსს-მ.
დღეს, 20 ივლისს პროკურატურამ განაცხადა, რომ თელავში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძისთვის 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდებას მოითხოვს.