„აგენტების შესახებ“ კანონმა შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - პრაისი

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებასთან არაერთხელ დააფიქსირა თავისი ღრმა შეშფოთება „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე. პრაისის განცხადებით, კანონპროექტის დამტკიცებამ შეიძლება ძირი გამოუთხაროს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ჩვენ ღრმად გვაშფოთებს ამ კანონპროექტის შესაძლო გავლენა საქართველოში სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. ჩვენ უკვე არაერთხელ გამოგვიხატავს ეს შეშფოთება უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებასთან.

ინიციირებული კანონპროექტი მოახდენს სტიგმატიზებას და ჩაახშობს იმ დამოუკიდებელ ხმებს საქართველოში, რომლებიც თავდადებულად შრომობენ, რომ თავიანთ საზოგადოებისთვის უკეთესი მომავალი შექმნან.

ჩვენ გვჯერა, რომ კანონმა შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რაც მათ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მკაფიოდ გამოუხატავთ“, – განაცხადა ნედ პრაისმა 27 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე.

ამასთან სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, ისინი გაეცნენ კანონპროექტს და ის არა ამერიკული, არამედ რუსული თუ უნგრული კანონების მსგავსია.

„აშკარა სიცრუეა განცხადებები, რომ თითქოსდა ეს კანონპროექტი ეფუძნება ჩვენს კანონს – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტს“. კანონპროექტს, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, როგორც ჩანს, საფუძვლად უდევს მსგავსი რუსული და უნგრული კანონმდებლობა და არა ამერიკული“, – განაცხადა ნედ პრაისმა.