აღარ უნდა დავუშვათ შეცდომა, ვიღაც გაუფრთხილდეს რუსეთის გრძნობებს - ზურაბიშვილი

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოებამ აღარ უნდა გაიმეოროს წარსული შეცდომები და უკრაინაში ომის დასრულებისას გაითვალისწინოს არა „რუსეთის გრძნობები“, არამედ მისი მეზობელი ქვეყნებისა, რომლებსაც სურთ, პატივი სცენ მათ საზღვრებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტისას, პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„დღეს ეს არის ნამდვილად ისტორიული ბრძოლა. როცა მივალთ ამ ბრძოლის ბოლო ეტაპზე და უთოუდ, ასე ხდება ისტორიულად, რომ მოვა დრო, როცა მოლაპარაკებების ეტაპი დადგება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღარ დავუშვათ, საერთაშორისო თანამეგობრობამ აღარ დაუშვას ის შეცდომები, რაც დაუშვა საქართველოს პირობებში, ყირიმის ოკუპაციისას. რუსეთი უნდა გაჩერდეს და შეეგუოს, რომ როგორც სხვა ყველა ცივილიზებულ ქვეყანას მასაც აქვს თავისი საზღვრები და არანაირი უფლება არ გააჩნია, რომ სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე განალაგოს თავისი ძალები ან ექსპანსიას, იმპერიალისტურ ზრახვებს დაუბრუნდეს.

ამ ომის შედეგი ნამდვილად შეცვლის მსოფლიოს და არანაირად არ უნდა იყოს დაშვებული ძველი შეცდომები, ძველი ხედვა, რომ ვიღაც რუსეთის გრძნობებს გაუფრთხილდეს. არა, ყველა უნდა გაუფრთხილდეს იმ პატარა თუ დიდი ქვეყნების გრძნობებს, რომლებიც რუსეთის ირგვლივ ამდენი ხანია მეზობლურად ცხოვრობენ და ვერ მიიღეს უსაფრთხოების ის ელემენტარული გარანტია, რომ ჩემი საზღვარი ჩემია და შენ უნდა შეეგუო შენს საზღვარს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლასა და უკრაინის მიმართ საქართველოს მიერ გამოხატულ პოზიციაზეც ისაუბრა. ზურაბიშვილის თქმით, საქართველომ კარგად იცის, თუ რა ფასს იხდს უკრაინა თავისუფლებისთვის და ქართველი ხალხი სოლიდარულია უკრაინის მიმართ. მისი თქმით, უკრაინისადმი მხარდაჭერია არის არამხოლოდ მისი, არამედ მთელი ქვეყნის პოზიცია.

„ეს არის მთლიანი ქვეყნის პოზიცია, რომ საქართველო უნდა იყოს სოლიდარული უკრაინისადმი და რომ საქართველომ არ შეიძლება არ დაუჭიროს მხარი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

ყველამ ვიცით, რომ საქართველოს არ აქვს პოტენციალი, რომ ჩაერთოს ომში და ეს არც იქნებოდა სწორი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკურად, სოციალურად და მთელი საზოგადოება… და მე მინდა მოგიწვიოთ და ნახოთ, თბილისის ქუჩებში როგორ გამოიხატება საქართველოს სოლიდარობა.

ასევე, მე მინდა გამოვიყენო ეს ტრიბუნა და პატივი მივაგო იმ ქართველ მებრძოლებს, ვინც თავიანთი ნებითა და თავდადებით ჩვენი მეგობარი და ძმა უკრაინელების ბრძოლაში არიან ჩართული. ჩვენ დავკარგეთ 33 ქართველი და მათი ხსოვნა იქნება უკვდავი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.