„აღიარონ და აანაზღაურონ" — პროკურორი მზადაა, ხასაიას და ჩიქობავას გათავისუფლება მოითხოვოს 

პუბლიკა

გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას საქმის პროკურორი ამბობს, რომ თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზადაა, მათი პატიმრობიდან გათავისუფლება მოითხოვოს.

პროკურორმა როინ ხინთიბიძემ ამის შესახებ „რუსთავი 2-თან“ ისაუბრა.

„ხასაიასა და ჩიქობავას მიმართ პატიმრობის მოთხოვნისას, სხვა არაერთ გარემოებასთან ერთად ბრალდების მხარე დაეყრდნო იმ ფაქტებს, რომ ბრალდებულები არ აღიარებდნენ და არ ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს, არ აცნობიერებდნენ ქმედების ხასიათს და არ ჰქონდათ ანაზღაურებული ზიანი. იმ შემთხვევაში თუ ბრალდებულები დანაშაულს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ, ბრალდების მხარე მზად არი​ს პატიმრობა უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე“, – განაცხადა როინ ხინთიბიძემ. 

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით 23 იანვარს დააკავეს კეკელიძის 1 ნომერში გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე. ორივე მათგანს ჯგუფურად შსს აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას ედავება. ბრალდების მხარის თქმით, ხასაიამ და ჩიქობავამ 3380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.

ხასაიას და ჩიქობავას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა 25 იანვარს შეუფარდა.

სასამართლო პროცესზე კაკო ჩიქობავამ და გიორგი ხასაიამ წარდგენილი ბრალდება აღიარეს ნაწილობრივ, კერძოდ, ისინი ბრალად წარდგენილ მუხლში ეთანხმებიან სხვისი ნივთის დაზიანების ნაწილს, თუმცა არ ეთანხმებიან ქმედების ჯგუფურად ჩადენის ნაწილს.

დაკავებულების ადვოკატმა, გურო იმნაძემ შუამდგომლობის წარდგენისას განაცხადა, რომ ბრალდებულები მზად არიან, რომ აანაზღაურონ მანქანის დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანი.

ბრალდება, რომლითაც ისინი არიან დაკავებულები 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.