აღვავლინოთ პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენს ღირსებას ვიცავთ - საპატრიარქო პრაიდზე

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქო Tbilisi pride-თან დაკავშირებით მორიგ ჰომოფობიურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ამბობენ, რომ ჰქონდათ იმედი, მათი მიმართვის შემდეგ საქართველოში აკრედიტებული საელჩოები და „პრაიდის“ ორგანიზატორები „არ უგულებელყოფდნენ საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის არჩევანს“.

საპატრიარქო ამბობს, რომ „ბოლო დღეების მოვლენებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ზეწოლაც ხორციელდება ქვეყანაში.“

„ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის შემაშფოთებელი და მიუღებელია გარკვეულ საელჩოთა და ევროპარლამენტარების ნაწილის მკვეთრი ჩარევა ჩვენს საზოგადოებრივ და სულიერ ცხოვრებაში და ვთვლით, რომ ეს მათი უფლებამოსილების გადამეტებაა“, ვკითხულობთ განცხადებაში.

საპატრიარქო აცხადებს, რომ „,,პრაიდის“ მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას“; მათი რწმენით, „ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა, დაძაბულობასა და არეულობას იწვევს“.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ყოველივე ამაზე პასუხისმგებლობას „პრაიდის“ ორგანიზატორებს და მხარდამჭერებს აკისრებს.

ამავე განცხადებაში ვხვდებით მოწოდებას „მშვიდობიანი პროტესტისკენ“.

„აღვავლინოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი და მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ჩვენს ღირსებას ვიცავთ და გადაგვარების თავსმოხვეული მცდელობა ჩვენთვის მიუღებელია“, – წერს საპატრიარქო.

„პუბლიკა” ემიჯნება განცხადების ჰომოფობიურ შინაარსს.