აგვისტოში გავაგრძელებთ რეგულარული ფრენის დროებით შეჩერების რეჟიმს – თურნავა

პუბლიკა

დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, რეგულარული ფრენის აღდგენასა და დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე ისაუბრა.

მისი თქმით, აგვისტოში რეგულარული ფრენა ვერ აღდგება, მაგრამ მთავრობა უშვებს კონკრეტულ რეისებს უსაფრთხო დერეფნების მიხედვით.

„ჩვენ აგვისტოში გავაგრძელებთ რეგულარული ფრენის რეჟიმს, დროებით შეჩერების რეჟიმს, მაგრამ დავუშვებთ კონკრეტულ ფრენას უსაფრთხო დერეფნების მიხედვით. რაც შეეხება „რაინეარსა“ და „ვიზეარს“, ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რომ „ვიზეარი“ 2016 წელს შემოსულიყო საქართველოში და 2019 წელს გაეფართოებინა არსენალი. ჩვენ ორმხრივ რეჟიმში ვთანამშრომლობთ, რომ გავიდეთ იმ ოპტიმალურ რაოდენობაზე ფრენის, რაც მათთვისაც კომერციულად მისაღები იქნება და ჩვენც ეპიდემიოლოგიურად არ დაგვაზარალებს. მე ვხედავ მცდელობას, რომ ჩვენ შორის იკისროს ვიღაცამ მედიატორის ფუნქცია. ეს საჭირო არაა. კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს.“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

აღნიშნულ თემაზე ნათია თურნავამ 21 ივლისსაც ისაუბრა. მისი თქმით, ავიაკომპანიები „ვიზეარი“ და „რაინეარი“ ე.წ. დაბალბიუჯეტიანი კომპანიები არიან და მათ მიმართ ინტერესი დაბალი ფასის გამოა. ისინი ვერ იფრენენ კვირაში ორჯერ ან ერთხელ, რადგან ეს მათთვის წამგებიანი იქნება.

„ამ ეტაპზე მათი შემოთავაზება არის რამდენიმე მიმართულება, 10-ზე მეტი მიმართულება ჰქონდათ ბოლოს ოფიციალურად შემოთავაზებული. ეს ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ ფრენას და რასაკვირველია, ადამიანების ძალიან დიდ ნაკადს.

ჩვენ, როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად, მსოფლიოც რომ იქნება მზად და ის ქვეყნებიც, საიდანაც გვთავაზობენ ფრენას, რა თქმა უნდა, დავუშვებთ, რადგან ჩვენი შემოყვანილია „ვიზეარი” საქართველოს ბაზარზე, ჩვენი დიდი მხარდაჭერით.“ – განაცხადა თურნავან 21 ივლისს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ 8 ივლისიდან საზღვარი ამ ეტაპზე უპირობოდ გაუხსნა 5 ქვეყანას – გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთს.

მთავრობის განცხადებით, ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლისა და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით – 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისთან დაკავშირებით. მთავრობის განცხადებით, ასევე მუშაობენ AirBaltic-სა  და AirFrance-თან.

მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება.

ავიარეისები Airbus A319 ტიპის საჰაერო ხომალდით, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით შესრულდება: