ბაიდენის განკარგულებით, უკრაინა თითქმის 8 მილიარდი დოლარის დახმარებას მიიღებს

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ აშშ უკრაინისთვის დამატებით, თითქმის 8 მილიარდი დოლარის დახმარებას გამოყოფს. განცხადება ვაშინგტონში ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ ჰარისსა და უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის შორის დაგეგმილი შეხვედრის წინ გაკეთდა.

ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინას შორ დისტანციაზე დარტყმის შესაძლებლობის გასაუმჯობესებლად, უკრაინას მიაწვდიან ფრთოსან საავიაციო ბომბების (JSOW), საჰაერო თავდაცვითი პოტენციალის გასაზრდელად აშშ უკრიანას დამატებითი გადასცემს „პატრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს. გარდა ამისა, უკრაინის საჰაერო ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ბაიდენმა თავდაცვის დეპარტამენტს მიმართა, გაფართოვდეს უკრაინელი პილოტების წვრთნა F-16 მფრინავების გამოსაყენებლად, მომავალ წელს დამატებით 18 პილოტს მოამზადებენ.

ბაიდენის განცხადებით, მომავალ თვეში მოიწვევს „რამშტაინის“ შეხვედრას, „რათა კოორდინირება გაეწიოს 50-ზე მეტი ქვეყნის ძალისხმევას, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას რუსული აგრესიისგან თავის დაცვაში“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ ამ დახმარებას გამოიყენებენ „ყველაზე ეფექტური და გამჭვირვალე გზით ჩვენი მთავარი საერთო მიზნის მისაღწევად: უკრაინის გამარჯვება, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოება“.

„უკრაინა და შეერთებული შტატები რჩებიან ახლო მოკავშირეებად, რომლებიც იცავენ თავისუფლებას, ადამიანის სიცოცხლეს და საერთო უსაფრთხოებას ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ“, – დაწერა ზელენსკიმ.