აკადემიური თავისუფლება გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის, როგორც არ უნდა შეიფუთოს ის - შარიქაძე

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ნანა შარიქაძე სოციალურ ქსელში რექტორობის 4-წლიანი ვადის ამოწურვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შარიქაძე მისი რექტორობის განმავლობაში კონსერვატორიაში განხორციელებულ წარმატებულ საქმიანობებს აჯამებს, მადლობა უხდის თანაგუნდელებსა და სტუდენტებს. შარიქაძე ასევე წერს „არაკეთილგანწყობილ სამუშაო გარემოზე“ და კულტურის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა 11 აპირლის შეხვედრას იხსენებს.

„არ მახსენდება ბოლოს როდის ვმუშაობდით მშვიდ, კეთილგანწყობილ გარემოში. მაგრამ მახსენდება კულტურის სამინისტროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, რომლის მსგავსიც მხოლოდ არქივში მაქვს წაკითხული. მხედეველობაში მაქვს 2023 წლის 11აპრილი და მისი შემდგომი პერიოდი, ურთულესი პერსონალურად ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის რომლებიც ჩემთან ერთად ესწრებოდნენ იმ შეხვდრას და ალბათ იმათთვისაც, ვინც ამ ომში ბრმა იარაღად გამოიყენეს, ან თავის სურვილით გამოაყენებინეს თავი. მჯერა რომ მოვა დრო, როცა 11 აპრილის შეხვედრაზე მყოფნი იტყვიან რომ იქ არ ყოფილან… და მაინც ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ფასი იმ დღეს თქვენ გადაიხადეთ.

ჩემს აზრზე კვლავაც ვრჩები, რომ აკადემიური თავისუფლება და ავტონომიურობა კვლავ გამოწვევად რჩება კონსერვატორიისთვის, როგორც არ უნდა შეიფუთოს ის. რეფორმა კი ნამდვილად გასატარებელია, ოღონდ სისტემაში და ურიგო არ იქნებოდა მისი კულტურის სამინისტროდან დაწყება“,- წერს შარიქაძე.

როგორც შარიქაძე წერს, ის კონსერვატორიაში, როგორც ლექტორი რჩება და იმედს გამოთქვამს, რომ პროფესიულ საქმიანობას შეუფერხებლად გააგრძელებს.

კონსერვატორიის გარშემო განვითარებული მოვლენები

26 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სამინისტრომ კონსერვატორიაში მიმდინარე რექტორის არჩევნები შეაჩერა. მეორე დღეს სტუდენტებმა კონსერვატორიასთან სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

მოგვიანებით სამინისტრომ განმარტა, რომ ის კონსერვატორიისგან არჩევნების პროცესში არსებული „ხარვეზის“ გასწორებას ითხოვდა.

კულტურის სამინისტრო, კონსერვატორიას ავალებს მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრს განუსაზღვროს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი.

სამინისტროს პოზიციით, რექტორის არჩევნები, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ჩატარდეს, რადგან „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის მიხედვით, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტატუსი, ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო ცენტრს მისცემს შესაძლებლობას ჰყავდეს არჩეული წარმომადგენელი აკადემიურ საბჭოში.

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი კონსერვატორიაში არსებობს 2002 წლიდან, არა როგორც დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეული, არამედ როგორც კონსერვატორიის სტრუქტურული ერთეული.

კონსერვატორიის აკადემიურმა საბჭომ, 27 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამომავლოდ ცენტრისთვის სტატუსის განსაზღვრის საკითხი არ არის კავშირში რექტორის არჩევნების პროცესთან და სტატუსის საკითხი არ შეიძლება გახდეს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებული დადგენილების გაუქმების საფუძველი.

10 ოქტომბერს კონსერვატორიამ განაცხადა, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის შუამდგომლობა კულტურის მინისტრის ბრძანების შეჩერების შესახებ; ხოლო ვინაიდან მოქმედ რექტორს ვადა 11 დღეში ეწურებოდა, სასამართლო განხილვა აზრს კარგავდა.

სამინისტროს განცხადებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის არჩევნები ვერ ჩატარდება, თუ კონსერვატორია სათანადო სამართლებრივ დოკუმენტაციას არ მოიყვანს კანონთან შესაბამისობაში.