ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის მთავრობის 2026-2031 წლების პროგრამა რუსეთთან ურთიერთობების დონეს ამცირებს. წინა პროგრამებში გამოყენებული იყო ფორმულირება „სტრატეგიული მოკავშირეობა“, ახალ დოკუმენტში რუსეთთან ურთიერთობა „ტრანსფორმირებად და გაღრმავებად“ პარტნიორობად არის მოხსენიებული.
პროგრამა, რომელიც 7 ივნისის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულმა მთავრობამ წარადგინა, 20 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე მიიღეს, თუმცა საბოლოოდ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.
პროგრამის განხილვა სომხეთის პარლამენტში დღეს, 24 აგვისტოს დაიწყება.
დოკუმენტში სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების მომავალს მოკლე აბზაცი ეთმობა. პროგრამის თანახმად, მთავრობა აპირებს რუსეთთან დიალოგის გაგრძელებას, რომელიც მიზნად ისახავს „ორმხრივად მომგებიან მრავალსექტორულ თანამშრომლობას“, ასევე „რეგიონში დამყარებული მშვიდობის ახალი პირობებისა და დაბალანსებული და დამაბალანსებელი საგარეო პოლიტიკის ფარგლებში ურთიერთობების გარდაქმნას, განვითარებასა და გაღრმავებას“.
ეს მნიშვნელოვანი გადახვევაა სომხეთის მთავრობის წინა პროგრამებიდან (მათ შორის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის პერიოდში 2018 წლიდან მიღებული დოკუმენტებიდან), რომლებიც რუსეთს „სტრატეგიულ“ პარტნიორად აღწერდნენ და სხვადასხვა სფეროში „სტრატეგიულ-მოკავშირეობრივი ურთიერთობების“ განვითარებას ითვალისწინებდნენ.
მაგალითად, წინა, 2021–2026 წლების პროგრამა მიზნად ისახავდა „რუსეთთან მოკავშირეობრივი ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და გაფართოებას“, მათ შორის „ორმხრივად მომგებიან თანამშრომლობას“ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ), ევრაზიული ეკონომიკური კავშირის და სხვა გაერთიანებების ფარგლებში.
წინა პროგრამა ასევე ითვალისწინებდა სომხეთის ჩართულობას რუსეთის ლიდერობით მოქმედი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ/კუხო) მუშაობაში, რომლის მიზანიც იყო „ორგანიზაციის მექანიზმების გაძლიერება წევრი სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
თუმცა 2024 წლის თებერვალში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის მონაწილეობა ამ უსაფრთხოების ბლოკში „ფაქტობრივად გაყინულია“, რადგან ორგანიზაციამ ვერ შეძლო სომხეთის დაცვა 2021 და 2022 წლებში აზერბაიჯანის მიერ სომხეთის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმების დროს.
რუსეთისგან განსხვავებით, ახალი დოკუმენტი უფრო მკაფო და ძლიერ ენას იყენებს რამდენიმე სხვა ქვეყანასთან და ბლოკთან ურთიერთობების აღსაწერად, მათ შორის ირანთან, აშშ-სთან, ევროკავშირთან, საფრანგეთთან, ჩინეთთან და საქართველოსთან – რამდენიმე მათგანთან სომხეთმა ბოლო წლებში სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებები გააფორმა.
რაც შეეხება რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირს – პროგრამა ითვალისწინებს ბლოკის ფარგლებში „ეფექტიანი თანამშრომლობის გაფართოებას“.
„გაგრძელდება მუშაობა ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფუნდამენტური თავისუფლებების: სამუშაო ძალის, მომსახურების, საქონლისა და ფინანსების თავისუფალი გადაადგილების სრული და შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველსაყოფად, ასევე წევრ და დამკვირვებელ ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარებისთვის“, – ნათქვამია პროგრამაში.
საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია „აუცილებლობაა“
ურთიერთობების სტატუსის აშკარა დაქვეითება იმ ფონზე ხდება, როცა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები უარესდება და რუსეთი სომხურ საქონელზე სავაჭრო შეზღუდვებს აწესებს.
ამასთან, რუსეთს ოფიციალურად ჯერაც არ მიულოცავს ნიკოლ ფაშინიანისთვის გამარჯვება არჩევნებში, რომელშიც მისმა პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ მთავარი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. დამარცხებული ოპონენტების ნაწილი მოსკოვთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების მომხრე იყო.
20 აგვისტოს, ხუთშაბათს გამართულ ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია უნდა გააგრძელოს, მიუხედავად იმისა, მოხსნის თუ არა რუსეთი სომხურ საქონელზე დაწესებულ შეზღუდვებს.
„ეს ნიშნავს, რომ თუნდაც რუსული ბაზარი ამ წუთას, ერთ საათში, 100%-ით გაიხსნას, ჩვენ მაინც გავაგრძელებთ დამატებითი ძალისხმევის გაწევას ჩვენი ბაზრების დივერსიფიკაციისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ დავიზღვიოთ თავი ასეთი სიტუაციებისგან“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მან შესაბამის რუსულ უწყებებს სომხეთში ჩასვლისა და ადგილზე შემოწმებების ჩატარებისკენაც მოუწოდა, რათა მათ ადგილზე ჩაატარონ შემოწმებები თავიანთი ეჭვების გასაფანტად. ამით ფაშინიანმა ხაზი გაუსვა სომხეთის გამჭვირვალობას.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამდე რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახურმა „როსსელხოზნადზორმა“ თქვა, რომ სომხეთისგან ელოდება ანგარიშს სანიტარიული შემოწმებების შედეგების შესახებ.
„როსსელხოდნადზორის“ განცხადების მომდევნო დღეს სომხეთის სურსათის უვნებლობის ინსპექციამ განაცხადა, რომ ის ინარჩუნებს „მუდმივ ოპერატიულ კონტაქტს“ რუს კოლეგებთან.
„იმის გათვალისწინებით, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და პროცესი უწყვეტ ხასიათს ატარებს, ამ ეტაპზე წინასწარი ან მიმდინარე დეტალების გასაჯაროებას ნაადრევად მივიჩნევთ. საბოლოო, დაზუსტებული შედეგებისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დამატებით ინფორმაციას შემდგომ განცხადებაში მოგაწვდით“, – განუცხადა ინსპექციის სამსახურმა Armenpress-ს.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.