ვაშინგტონის სამიტიდან ერთი წლის შემდეგ — სომხეთისა და აზერბაიჯანის პროგრესი რეალური მშვიდობისკენ

პუბლიკა

მიუხედავად იმისა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულება საბოლოოდ ხელმოწერილი ჯერაც არ არის, სომხეთმა და აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურებული კონფლიქტის საბოლოოდ დასასრულებლად.

ავტორები: ნეით ოსტილერი, აითან ფაჰრადოვა და ანი ღულიანიანი

აგვისტოს დასაწყისში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა – ოდესღაც, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სისხლისმღვრელ კონფლიქტში ჩაბმულ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი დიალოგის ასეთი ფორმა იშვიათი იყო, დღეს კი მსგავსი საუბრები მეტ-ნაკლებად რეგულარულ მოვლენად იქცა. მხარეებმა საუბრის შესახებ იდენტური განცხადებებიც გაავრცელეს.

სატელეფონო საუბრის მიზეზი ვაშინგტონის სამიტის ერთი წლისთავის აღნიშვნა იყო. სამიტმა ფაშინიანი, ალიევი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთ მაგიდასთან შეკრიბა – მხარეებმა სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის პარაფირება მოახდინეს, თუმცა დოკუმენტი ჯერ საბოლოოდ ხელმოწერილი არ არის.

იმავე დღეს ტრამპი ცალ-ცალკე ესაუბრა ფაშინიანსა და ალიევს, ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თავისი განცხადება გაავრცელა. 10 აგვისტოს სამივე მხარემ სამიტის წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებაც გამოაქვეყნა, რომელშიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ პროგრესზე იყო საუბარი.

მარკო რუბიო და არარატ მირზოიანი
მარკო რუბიო და არარატ მირზოიანი

ტრამპისთვის, რომელიც აშშ-ის შუალედური არჩევნების წინ ისტორიულად დაბალი პოპულარობით სარგებლობს და რომლის მეორე საპრეზიდენტო ვადასაც ჩრდილს აყენებს ირანში განვითარებული მოვლენები, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის ხელშეწყობა ბოლო ორი წლის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ იშვიათ, აშკარა წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.

ერევნელი პოლიტოლოგი ნარეკ სუქიასიანი OC Media-ს ეუბნება, რომ აქამდე სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს აშშ-ის პრეზიდენტთან ასეთი მჭიდრო კავშირი არასდროს ჰქონიათ.

„ტრამპის ჩართულობა აბსოლუტურად გადამწყვეტი აღმოჩნდა. მან არა მხოლოდ გვერდი აუარა დიპლომატიურ ეტიკეტს და თავისი პირდაპირი, ხისტი მანერითა და უზარმაზარი ეგოთი აიძულა მხარეები. მშვიდობისკენ წასულიყვნენ – ორივე მხარეს ძალიან მკაფიოდ აქვს გააზრებული, რომ მათთვის სასარგებლოა ტრამპის პირადი ჩართულობა“, – ამბობს სუქიასიანი.

ამის საპირისპიროდ, აზერბაიჯანელი ისტორიკოსი ჯამილ ჰასანლი OC Media-სთან ამბობს, რომ 2025 წლის 8 აგვისტოს პარაფირებული დოკუმენტის „პროპაგანდისტული ღირებულება“ მის რეალურ პრაქტიკულ გავლენას აღემატება.

ჰასანლის თქმით, ტრამპს მიეცა შესაძლებლობა, დაეჯერებინა, რომ სწორედ მან ჩაახშო კონფლიქტი და ბოლო მოუღო მას, მაშინ როცა სინამდვილეში ეს შეფასებები მისი მიღწევების გაზვიადებას ემსახურებოდა.

ამ დროისთვის „ტრამპის გზა“ აშენებული არ არის და არც ხელშეკრულებაა საბოლოოდ ხელმოწერილი, თუმცა რეალური მშვიდობის ნიშნები მაინც არსებობს.

10 აგვისტოს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია 2025 წლის აგვისტოს შემდეგ მიღწეული 8 კონკრეტული შედეგი:

  • სტაბილურობა საზღვარზე;
  • „ტრამპის მარშრუტი“;
  • ტრანსკასპიური საწარმოო ფონდი, რომელიც „ტრამპის მარშრუტის“ დაფინანსებას ზედამხედველობს;
  • აშშ-სა და სომხეთს, ასევე აშშ-სა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება;
  • სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სატრანზიტო შეზღუდვების მოხსნა;
  • შეთანხმება სატელეკომუნიკაციო კავშირების შექმნაზე;
  • ეუთოს მინსკის ჯგუფის დაშლა;
  • აზერბაიჯანისა და სომხეთის გაწევრება ტრამპის „მშვიდობის საბჭოში“.

„ტრამპის მარშრუტი“

თვით ხელშეკრულების გარდა, სამიტიდან გამომდინარე არცერთ საკითხს არ მიუპყრია იმხელა ყურადღება, რამხელაც „ტრამპის მარშრუტს“.

ეს პროექტი, რომელიც სომხეთის სამხრეთით, სიუნიქის პროვინციაში დაახლოებით 43-კილომეტრიან მარშრუტს მოიცავს, ევროპასა და აზიას შორის არსებული „შუა დერეფნის“ ნაწილია. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის, რუსეთის იზოლაციისა და სავაჭრო გზების ჩაკეტვის ფონზე „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია, ჯერჯერობით დაუსახელებელი ამერიკული კომპანია მარშრუტს 99-წლიანი იჯარით მართავს (რაც ვაშინგტონის სამიტზე შეთანხმდა), რაც ფორმალურად უზრუნველყოფს აშშ-ის გრძელვადიან ჩართულობას ორივე ქვეყანაში.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, მარშრუტი ასევე აჩვენებს, რომ აშშ-მ სამხრეთ კავკასიაში, სადაც რეგიონულ შუამავლად დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი მიიჩნეოდა, ფაქტობრივად ჩაანაცვლა მოსკოვი, როგორც დომიმნანტი გარე ძალა. პროექტის მიღმა აღმოჩნდება ირანიც – სომხეთის ერთ-ერთი ახლო მოკავშირე.

სომხური ქალაქი მეღრი სამხრეთ სიუნიქის პროვინციაში. სავარაუდოდ, სწორედ ამ ადგილას გაივლის ტრამპის მარშრუტი. ფოტო: WikiMedia Commons
სომხური ქალაქი მეღრი სამხრეთ სიუნიქის პროვინციაში. სავარაუდოდ, სწორედ ამ ადგილას გაივლის ტრამპის მარშრუტი. ფოტო: WikiMedia Commons

ტრამპმა რუსეთში დაბადებული და აშშ-ში მომუშავე ინვესტორი კონსტანტინ სოკოლოვი დანიშნა TRIPP+ საწარმოო ფონდის ხელმძღვანელად. ეს ფონდი, რომელიც 2026 წლის იანვარში შეიქმნა, „ტრამპის მარშრუტის“ მშობელი ორგანიზაციაა.

201 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტის მქონე ფონდი მხოლოდ სომხეთზე არ იქნება ორიენტირებული. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა The Guardian-ს განუცხადა, რომ მას შეეძლება „სესხების გაცემა, კაპიტალში ინვესტირება და გრანტების გაცემა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მათ შორის სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში, სტრატეგიული კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით“.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტში აშშ-ის ჩართულობის ფორმატი თანდათან იკვეთება, ბევრი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელი რჩება.

2026 წლის 8 აგვისტოს განცხადებაში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ტრამპის მარშრუტს უწოდა „მულტიმოდალური სატრანზიტო მარშრუტი, რომელიც მოდერნიზებას გაუკეთებს სარკინიგზო, საავტომობილო, ენერგეტიკულ და ციფრულ ინფრასტრუქტურას“. უწყების განცხადებით, პროექტი რეალობად ქცევის გზაზეა: სომხეთში უკვე მიმდინარეობს რკინიგზის საინჟინრო კვლევები, ხოლო აზერბაიჯანში სომხეთთან დასაკავშირებელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობა თითქმის დასრულებულია.

თუმცა, განცხადებაში არ ყოფილა მითითებული ვადა, თუ როდის ამოქმედდება მარშრუტი. ჰასანლი სკეპტიკურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ გზა ახლო მომავალში ვერ გაიხსნება და სარგებელი მხოლოდ ქაღალდზე დარჩება.

ასევე გაურკვეველია, კონკრეტულად რა ფინანსურ სარგებელს მიიღებს აშშ პროექტიდან – აპირებს თუ არა ვაშინგტონი სატრანზიტო მოსაკრებლიდან წილის მიღებას, თუ ფინანსური შესაძლებლობები უფრო ფართო და გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა განვიხილოთ.

თავად მარშრუტის მოწყობასთან დაკავშირებითაც არსებობს არაერთი გადაუჭრელი საკითხი და უთანხმოება. აზერბაიჯანმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ სურს, სომეხ მესაზღვრეებს ჰქონდეთ პირდაპირი კონტროლი მარშრუტის ყოველდღიურ მართვაზე, ხოლო სომხეთი, სავარაუდოდ, არ დაუშვებს აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს თავის ტერიტორიაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს როლი მესამე მხარემ უნდა იკისროს.

ნარეკ კარაპეტიანი - პრორუსი სომეხი მილიარდერი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი, აჩვენებს სომხეთ-ირანის საზღვარს და იმ ადგილს, სადაც, მისი თქმით, ტრამპის მარშრუტი გაივლის სკრინშოტი სოციალური მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოდან.
ნარეკ კარაპეტიანი – პრორუსი სომეხი მილიარდერი ბიზნესმენის და პოლიტიკოსის, სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი, აჩვენებს სომხეთ-ირანის საზღვარს და იმ ადგილს, სადაც, მისი თქმით, ტრამპის მარშრუტი გაივლის. სქრინშოთი სოციალური მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოდან.

აშშ-ის მიერ იანვარში გამოქვეყნებულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ სომხეთი „ტრამპის მარშრუტის“ ყველა მონაკვეთზე შეინარჩუნებს „საკანონმდებლო, მარეგულირებელ და სასამართლო უფლებამოსილებას“, ასევე „ეროვნული უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ კონტროლს“, მათ შორის უფლებამოსილებას საზღვრის კონტროლზე, გადასახადებზე, საბაჟო მოსაკრებლებსა და სხვა საკითხებზე.

თუმცა, აზერბაიჯანიდან სომხეთში შესვლას TRIPP Development Company-ის მიერ დაქირავებული „კერძო ოპერატორები“ გააკონტროლებენ.

დოკუმენტში არ არის მითითებული, ვინ იქნებიან ეს ოპერატორები, რომელი ქვეყნიდან იქნებიან ისინი ან როგორ დადასტურდება მათი სათანადო კვალიფიკაცია, მათ შორის სომხური და აზერბაიჯანული ენების ცოდნა.

არსებობს უსაფრთხოების რისკებიც. სომხეთ-ირანის საზღვართან კვლავ იმყოფებიან რუსი სამხედროები, რომლებიც შესაძლოა ამერიკული კომპანიის თანამშრომლებთან ახლოს აღმოჩნდნენ, რაც პოტენციურად რთულ ვითარებას ქმნის. სომეხმა პოლიტიკოსმა ნარეკ კარაპეტიანმა ისიც კი ივარაუდა, რომ შესაძლოა, მარშრუტი ირანის სამიზნეც კი გახდეს.

ვაჭრობა და სხვა ეკონომიკური კავშირები

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთთან პირდაპირი ვაჭრობა დაიწყეს.

ჯერჯერობით ვაჭრობის მოცულობა შედარებით მცირეა. 2026 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა სომხეთში დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, მაშინ როცა სომხეთიდან აზერბაიჯანში ექსპორტის მოცულობამ იმავე პერიოდში მხოლოდ 960 აშშ დოლარი შეადგინა.

მიიჩნევა, რომ ეს მიზერული თანხაც კი სომხური სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიერ აზერბაიჯანში ჩატანილი საჩუქრების ღირებულებაა, რადგან ერევანში აცხადებენ, რომ ოფიციალური ექსპორტი ჯერ არ დაწყებულა.

2025 წლის ბოლოს აზერბაიჯანმა პირველად, საქართველოს გავლით, სომხეთში საწვავი გაიტანა. მას შემდეგ აზერბაიჯანული საწვავი სომხეთში ექსპორტირებული პროდუქციის ძირითად ნაწილს შეადგენს – 10 აგვისტოს მონაცემებით, სომხეთში 20,000 ტონამდე აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტი შევიდა.

ნახიჩევანში, ნახიჭევანი-სომხეთი-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი რკინიგზის არსებული მონაკვეთი. ფოტო: Azertac. საილუსტრაციო მიზნებისთვის.

2026 წლის იანვარში სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორქ პაპოიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი სომხეთში თხევად ბუნებრივ აირსა (LNG) და ბიტუმს გაგზავნიდა აზერბაიჯანული სარკინიგზო ქსელის მეშვეობით.

მხარეები ასევე აგრძელებენ მოლაპარაკებებს საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალის გაფართოებაზე. განიხილება ალუმინის ფოლგის, მოშინაურებული ცხოველების, კონიაკის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის, თამბაქოს, ტექსტილის, ვარდებისა და სხვა სასათბურე პროდუქციის ექსპორტი.

ეკონომიკური კავშირები მხოლოდ ფიზიკური საქონლით არ შემოიფარგლება – ივნისში Telecom Armenia და Azertelecom შეთანხმდნენ ინტერნეტ-ტრაფიკის ერთმანეთის ტერიტორიაზე გატარებაზე, რაც აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს, ნახიჭევანს ინტერნეტი სომხური ინფრასტრუქტურის გამოყენებით მიაწოდოს.

მანამდე, იანვარში, ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემები „აუცილებლად და ცალსახად იქნება ურთიერთდაკავშირებული“, თუმცა, კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.

ამ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ვაჭრობის გარდა, აზერბაიჯანი სხვა ქვეყნების, კერძოდ რუსეთისა და შედარებით მცირე მასშტაბით ყაზახეთის საქონლის სომხეთში მისატანად სატრანზიტო მარშრუტადაც იქცა. 10 აგვისტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ „აზერბაიჯანის გავლით სომხეთის მიმართულებით და პირიქით, თითქმის 60 000 ტონა ტვირთია გადაზიდული“.

სუქიასიანი კიდევ ერთ დადებით ფაქტორად აშშ-ის ტექნოლოგიური კომპანიების მიერ სომხეთში განხორციელებულ ინვესტიციებს ასახელებს.

„მართალია, არსებობს გარკვეული შეშფოთება მათი გარემოსდაცვითი და ფინანსური მდგრადობის თვალსაზრისით, მაგრამ ამავე დროს ისინი, როგორც ჩანს, ფინანსურ და IT ბაზრებს სიგნალს უგზავნიან, რომ სომხეთით დაინტერესდნენ. თუ პროექტი წარმატებული იქნება, ეს საბოლოოდ საერთო კეთილდღეობაზეც უნდა აისახოს“, – ამბობს ის.

აგვისტოს დასაწყისში სან-ფრანცისკოში დაფუძნებულმა ხელოვნური ინტელექტის კომპანია Firebird-მა სომხეთში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრი გახსნა – ეს რეგიონში ყველაზე დიდი მონაცემთა ცენტრია, რომელიც NVIDIA-ს ათობით ათასი პროცესორის გამოყენებას გეგმავს. გახსნის ცერემონიაზე ფაშინიანმა განაცხადა, რომ პროექტი პირდაპირ უკავშირდებოდა ვაშინგტონის სამიტს.

Firebird-ის მონაცემთა ცენტრის გახსნა. ფოტო: სომხეთის მთავრობა

მიუხედავად ამ პროგრესისა, სავაჭრო ბარიერები კვლავ არსებობს: სომხეთის საზღვარი თურქეთთან კვლავ ჩაკეტილია, რის გამოც სამხრეთ კავკასიაში აღმოსავლეთ-დასავლეთის სრულფასოვანი დერეფნის შექმნის პერსპექტივა შეჩერებულია, სანამ ანკარა და ერევანი ურთიერთობების ნორმალიზებას არ მოახდენენ.

სომხეთში ასევე შიშობენ, რომ თურქული პროდუქციის მოზღვავებამ შესაძლოა ადგილობრივი სოფლის მეურნეობა დააზარალოს. ათწლეულების განმავლობაში არსებული კონფლიქტის კვალი, ბუნებრივია, ჯერ არ მოშუშებულა და საზღვრის ორივე მხარეს ბიზნესკავშირების დამყარებას კვლავ სიფრთხილით ეკიდებიან.

„რაც შეეხება ვაჭრობის მიმართ დამოკიდებულებას – სომხეთში გარკვეული უკმაყოფილება ვიხილეთ, როდესაც საწვავის მიწოდების შესახებ პირველად გახდა ცნობილი“, – ამბობს სუქიასიანი. თუმცა, მისი თქმით, ამას მოგვიანებით გარკვეული შეგუება მოჰყვა.

„არ ვფიქრობ, რომ ეს უცნაურია, რადგან ნებისმიერ საზოგადოებას, რომელსაც ასეთი რთული კონფლიქტური ისტორია აქვს, ბუნებრივად ექნება განსხვავებული შეხედულებები“.

ამ გადაუჭრელი საკითხების მიუხედავად, სომხეთი და აზერბაიჯანი ეკონომიკურად დღეს უფრო მეტად არიან დაკავშირებული, ვიდრე ოდესმე ყოფილან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ.

სომხეთის არჩევნები და ნაკლებად მოსალოდნელი საკონსტიტუციო ცვლილებები

ივნისში ჩატარებულ არჩევნებში ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმებამ“ ხელისუფლებაში კიდევ ერთი ვადით დარჩენა შეძლო, თუმცა უფრო მცირე უმრავლესობით. რაც მთავარია, პარტიამ ვერ მოიპოვა კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო ხმების რაოდენობა.

კონსტიტუციის ერთ-ერთი დებულება მიუთითებს დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რომელიც, თავის მხრივ, „დაეფუძნა“ საბჭოთა სომხეთის უმაღლესი საბჭოსა და მთიანი ყარაბაღის ეროვნული საბჭოს ერთობლივ გადაწყვეტილებას სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის „გაერთიანების“ შესახებ.

აზერბაიჯანმა არაერთხელ მოითხოა კონსტიტუციიდან ამ ჩანაწერის ამოღება და აცხადებდა, რომ სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი ვერ მოეწერება მანამ, სანამ ეს არ მოხდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ხმის მიცემის დროს. 2026 წლის 7 ივნისი. ფოტო: მარიამ ნიკურაძე/OC Media

ფაშინიანი რთულ მდგომარეობაშია: ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოპოზიციამ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს და ამით მას პოლიტიკური გამარჯვების შესაძლებლობა მისცეს. რეფერენდუმის ჩატარებასაც კი, რაც ფაშინიანის იდეა იყო, დეპუტატების 2/3-ის მხარდაჭრა სჭირდება, რაც „სამოქალაქო შეთანხმებას“ არ აქვს.

„მტრის მოთხოვნა – იქნება ეს ყოფილი თუ მოქმედი მტერი, ძალიან არაპოპულარულია, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოახდენს მმართველი პარტია მის ფორმულირებას – ახალი სომხეთის ქარტიად თუ ტექსტად, რომელიც ძალაუფლების უკეთეს კონტროლსა და ბალანსს უზრუნველყოფს. დომინანტური აღქმა მაინც ის არის, რომ ეს აზერბაიჯანის მოთხოვნაა, ამიტომ ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ რეფერენდუმი ჩავარდეს“, — ხაზს უსვამს სუქიასიანი.

იმისთვის, რომ რეფერენდუმი ლეგიტიმურად ჩაითვალოს, ფაშინიანს რეგისტრირებული ამომრჩევლების სულ მცირე მეოთხედის დადებითი პასუხი სჭირდება.

სუქიასიანი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, სწორედ ეს იყოს „სამოქალაქო შეთანხმების“ მოტივაცია საარჩევნო კოდექსის შეცვლისთვის – ცვლილებები ასობით ათას მოქალაქეს ხმის მიცემის შესაძლებლობას უზღუდავს, თუ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სომხეთში არ უცხოვრიათ. თუმცა, მისი თქმით, საარჩევნო კოდექსში ინიციირებული ცვლილებების ძირითადი მოტივი მაინც დიასპორის ამომრჩევლების გარკვეული კანდიდატის სასარგებლოდ ორგანიზებული ჩამოყვანის პრევენცია იყო.

ოფიციალური ვიზიტები

გასული წლის განმავლობაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე ოფიციალური ვიზიტი და კულტურული ღონისძიება შედგა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ორ ქვეყანას შორის მიმოსვლაზე არსებული ტაბუ თანდათან ქრება.

ვაშინგტონის სამიტიდან მალევე სომხეთის ვიცე-პრემიერი მხითარ გრიგორიანი და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი ერთმანეთს ეწვივნენ. ორივე მათგანი საკუთარი ქვეყნის საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს ხელმძღვანელობს.

ამის შემდეგ, 2025 წლის სექტემბერში სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ანდრანიკ სიმონიანი აზერბაიჯანს ეწვია და ბაქოში უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის მესამე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიკმეტ ჰაჯიევი (მარცხნივ) და სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი (მარჯვნივ) სომხეთში გამართულ შეხვედრაზე 2026 წლის 14 ივნისს. ოფიციალური ფოტო.

2026 წლის ივნისის არჩევნების შემდეგ სომხეთს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევი – აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. ის სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივან არმენ გრიგორიანს შეხვდა.

მხარეებმა სამშვიდობო პროცესი განიხილეს და განაცხადეს, რომ შემდეგი შეხვედრა აზერბაიჯანში გაიმართებოდა.

ასევე გაიმართა არაერთი შედარებით დაბალი დონის შეხვედრა, რომლებმაც „მშვიდობის ხიდის“ ინიციატივის ფარგლებში საზღვრის ორივე მხარეს სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები დააკავშირა.

მიუხედავად ბოლო ერთი წლის განმავლობაში მშვიდობის მიმართულებით მიღწეული პროგრესისა, ჯერჯერობით არ დაგეგმილა მაღალი დონის ვიზიტები – ფაშინიანის ვიზიტი აზერბაიჯანში ან ალიევის ვიზიტი სომხეთში.

გადაუჭრელი საკითხები

უკვე განხილული საკითხებისა და აღნიშნული გაურკვევლობების გარდა არსებობს კიდევ რამდენიმე გადაუჭრელი პრობლემა:

  • საზღვრის დელიმიტაცია

ორივე ქვეყნის შესაბამისი კომისიების მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და საზღვრის ზუსტ გავლებაზე შეთანხმება მიღწეული არ არის. გარდა ამისა, აზერბაიჯანული ჯარები კვლავ რჩებიან სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე. რჩება სხვა რთული სასაზღვრო საკითხებიც, მათ შორის რუსი სამხედროების ყოფნა სომხეთ-ირანის საზღვარზე, თურქეთ-სომხეთის საზღვრის ჩაკეტილობა და აზერბაიჯანის ცალმხრივი გადაწყვეტილება, საქართველოსთან შეინარჩუნოს ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი. ეს უკანასკნელი უშუალოდ კონფლიქტს არ უკავშირდება – აზერბაიჯანი მას ოფიციალურად კვლავ COVID-19-ის გავრცელების პრევენციით ხსნის.

მხარეებს შორის პერიოდული შეხვედრების მიუხედავად, დელიმიტაციის პროცესი 2024 წლიდან შეჩერებულია.

„ამ პროცესის დაჩქარება TRIPP პროექტის განხორციელებას შეუძლია, რადგან თუ გზა ან სატრანზიტო დერეფანი უნდა ამოქმედდეს, აუცილებელია განისაზღვროს, სად გადის საზღვარი“, – ამბობს სუქიასიანი.

    სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთი კირანცთან ახლოს. საილუსტრაციო მიზნებისთვის. ფოტო: ბასელ ჰინდელეჰ/OC Media.
  • აზერბაიჯანში დაპატიმრებული სომხები

ამჟამად აზერბაიჯანში სულ მცირე 19 სომეხი პატიმარია. ზოგიერთ მათგანს ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მიმდინარე სამშვიდობო პროცესის ფონზე, ხანგრძლივი პატიმრობა ან უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

პატიმრებს შორის არიან მთიანი ყარაბაღის ყოფილი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენლები, ასევე რიგითი სამხედროები, რომლებიც მთიანი ყარაბაღის მეორე ომის ან 2023 წელს აზერბაიჯანის სომხეზე შეტევის დროს დაატყვევეს.

აზერბაიჯანმა გასული წლის განმავლობაში ოთხი პატიმრის გათავისუფლება გადაწყვიტა, თუმცა ალიევმა არაერთხელ გაიმეორა, რომ მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელობა და „აზერბაიჯანელი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირები“ პატიმრობაში დარჩებიან.

სუქიასიანი მიიჩნევს, რომ სომეხი პატიმრების, განსაკუთრებით მაღალი რანგის ყოფილი თანამდებობის პირების სომხეთში დაბრუნება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა. თუმცა, მისი თქმით, ამ საკითხზე მესამე მხარის ინტერესების გამოყენება შეიძლება როგორც ზეწოლის, ისე შეთანხმების მექანიზმად.

„აზერბაიჯანი განსაკუთრებით დაინტერესებულია 1992 წლის აშშ-ის თავისუფლების მხარდაჭერის აქტის 907-ე მუხლის გაუქმებით, რომელიც შეერთებულ შტატებს აზერბაიჯანისთვის დახმარების გაწევას უზღუდავს, სანამ სომხების წინააღმდეგ აგრესია გრძელდება.

ამ შეზღუდვის გაუქმების სანაცვლოდ ერთ-ერთი საკითხი შეიძლება იყოს უკანონოდ დაკავებული სომხების გათავისუფლება“, – ამბობს ის.

ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო სახელმწიფო მინისტრი, მილიარდერი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი სასამართლო პროცესზე აზერბაიჯანში. ფოტო: Azertac
  • „დასავლეთ აზერბაიჯანის“ ნარატივი

აზერბაიჯანი დიდი ხანია, ეწევა ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანის“ კამპანიას, რომელიც ჰუმანიტარული ინტერესების საფარქვეშ სომხეთის ტერიტორიის ნაწილის ან მთლიანად ქვეყნის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს შეიცავს.

ეს ნარატივი პერიოდულად ჩნდება ორივე ქვეყანაში – აზერბაიჯანში აცხადებენ, რომ სომხეთში 300,000 აზერბაიჯანელი უნდა დაბრუნდეს (რიცხვი, რომელზეც სომხური ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ფაშინიანი დათანხმდა). სამშვიდობო პროცესის მიუხედავად ბაქოს ეს კამპანია არ შეუჩერებია. არსებობს ცნობები, რომ მას უშუალოდ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აფინანსებს.

  • სომხური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

როგორც 2020 წლის მთიანი ყარაბაღის მეორე ომის, ისე 2023 წლის აზერბაიჯანული სამხედრო შეტევის შემდეგ არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება აზერბაიჯანის მიერ სომხური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების გამო.

სომხურმა ორგანიზაციებმა აზერბაიჯანს ძეგლების დაცვისკენ მოუწოდებს, თუმცა მრავალი შენობა, ეკლესია და სხვა კულტურული ობიექტი, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც პირველ და მეორე ომებს შორის პერიოდში აშენდა, განადგურდა ან ისე განახლდა, რომ სომხური კვალი წაიშალა.

აზერბაიჯანის პოზიციაა, რომ მსგავსი ნაგებობები უკანონოდ იყო აშენებული, თუმცა აცხადებს, რომ მანამდე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს დაიცავს.

ბაქო, თავის მხრივ, ყურადღებას ამახვილებს აზერბაიჯანული კულტურული ძეგლების განადგურებაზე იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მანამდე სომხეთის კონტროლქვეშ იყო.

  • აზერბაიჯანის მიერ სომხებთან კონტაქტში მყოფი პირების დევნა

ბაქო აგრძელებს მრავალწლიანი პრაქტიკას, აკონტროლოს აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც რაიმე ფორმით თანამშრომლობენ სომხებთან, სამშვიდობო პროცესის პროგრესის მიუხედავად.

ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევა OC Media-ს ავტორისა და მკვლევრის, ბაჰრუზ სამადოვის საქმეა. მას ღალატის ბრალდებით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს სომხურ დაზვერვასთან კონტაქტის ეჭვის საფუძველზე. 2026 წლის თებერვალში მან მკაცრი რეჟიმის ციხეში გადაყვანა გაასაჩივრა, თუმცა საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ბაჰრუზ სამადოვი. ფოტო სოციალური მედიიდან.

თალიშური საკითხების მკვლევარი იგბალ აბილოვი, რომელიც აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა და თალიში ისტორიკოსი ზაჰირადინ იბრაჰიმოვი, რომელიც რუსეთში გაიტაცეს, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში გადაიყვანა, სომეხ მკვლევარ გაგნიკ ასატრიანთან კომუნიკაციაში დაადანაშაულეს.

აბილოვს 2025 წლის მაისში ღალატის ბრალდებით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო იბრაჰიმოვის საქმეზე გამოძიება კვლავ გრძელდება. სამშვიდობო პროცესის მიმდინარეობის მიუხედავად, მათ წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები არ შეცვლილა.

აზერბაიჯანელი ისტორიკოსი ჰასანლი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ვაშინგტონის შეთანხმება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რაიმე დებულებას არ შეიცავს.

მისი თქმით, „ყველაფერი, რისი ჩამოთვლაც შეგვიძლია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, და ყველაფერი, რაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია მოცემული, მხოლოდ უმნიშვნელო დეტალებია“.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავიდა, რეგიონში ვითარება კვლავ კონფლიქტურია“, – აცხადებს ჰასანლი.

  • დაპირისპირება ისტორიული მეხსიერების გამო

სომხეთსა და აზერბაიჯანს რეგიონისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ისტორიის შესახებ რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. დავა მხოლოდ ორი ქვეყნის ისტორიკოსებს შორის არ მიმდინარეობს – მსჯელობა მაღალ გეოპოლიტიკურ დონეზეც გრძელდება.

აზერბაიჯანი, ისევე როგორც თურქეთი, სომეხთა გენოციდს არ აღიარებს და აქტიურად ცდილობს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხელი შეუშალოს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარების მცდელობებს.

სამშვიდობო პროცესის მიუხედავად, ეს კამპანია არ შეწყვეტილა. 2026 წლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა ისრაელზე ზეწოლა მოახდინა, რათა ქვეყნის პარლამენტში სომეხთა გენოციდის ოფიციალურად აღიარების შესახებ კენჭისყრა ჩავარდნილიყო. საბოლოოდ კანონპროექტი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ერევანში, 2026 წლის 10 თებერვალს ციწერნაკაბერდის სომეხთა გენოციდის მემორიალთან. ოფიციალური ფოტო.

ამავდროულად, აზერბაიჯანი მოითხოვს 1918 წელს სომხების მიერ აზერბაიჯანელების მასობრივი მკვლელობების გენოციდად აღიარებას. ამის საპასუხოდ, 2026 წლის მარტში ფაშინიანმა მხარეებს ისტორიულ მოვლენებზე ერთმანეთის დადანაშაულების შეწყვეტისკენ მოუწოდა:

„ზოგადად, გენოციდის [ბრალდებების] შეჯიბრი უნდა შეწყდეს. ჩვენს რეგიონში ყველა ყველას გენოციდში ადანაშაულებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ყველა ეს პრობლემა ახლო მომავალში ვერ მოგვარდება, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა მომავალი წლის პროგრესის დინამიკა განსაზღვროს.

სუქიასიანი გამოყოფს სამ ძირითად სფეროს, რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს მოვლენების განვითარებაზე: ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ტემპი, დელიმიტაციის პროცესი „ტრამპის მარშრუტის“ (და საზღვრის სხვა მონაკვეთების) გარშემო და ბაქოს პოზიცია სომხეთის კონტროლირებად კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არსებობს მეოთხე ფაქტორიც, რომელიც არც ერთი ქვეყნის კონტროლქვეშ არ არის – აშშ-ის შიდა პოლიტიკა.

რესპუბლიკური პარტია შუალედური არჩევნების წინ სუსტ პოზიციაშია. არჩევნებში მარცხმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესზე ტრამპის მარშრუტის მიმართ, ისე მის შესაძლებლობაზე, შეასრულოს დაპირებები.

დემოკრატებმა კი შესაძლოა პროექტის მიმართ უფრო მკაცრი ზედამხედველობა მოითხოვონ, განსაკუთრებით მისი დაფინანსებისა და სოკოლოვის დანიშვნასთან დაკავშირებული კორუფციის ბრალდებების გამო.

ნებისმიერ შემთხვევაში, მშვიდობის მიმართულებით სვლა თითქმის გარდაუვალია, რადგან უახლოეს მომავალში არც ერთი მხარე, სავარაუდოდ, სრულმასშტაბიან ომში დაბრუნებას არ ისურვებს.

რედაქციის შენიშვნა: კითხვის გასამარტივებლად OC Media-ს ავტორები აფხაზეთის, მთიანი ყარაბაღისა და ცხინვალის რეგიონის ინსტიტუტებისა თუ პოლიტიკური პოზიციების აღწერისას არ იყენებენ ისეთ განმსაზღვრელებს, როგორიცაა „დე ფაქტო“, „არაღიარებული“ ან „ნაწილობრივ აღიარებული“. ეს არ გამოხატავს ავტორთა პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.

სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.