ახალ ზელანდიაში ვირუსის გავრცელება აღმოფხვრეს და რეგულაციები ეტაპობრივად უქმდება

პუბლიკა

ახალ ზელანდიაში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინი სრულდება. ოთხი კვირის შემდეგ მოქალაქეები სამუშაო ადგილებს უბრუნდებიან, შეუძლიათ, მეტი დრო გაატარონ გარეთ და საკვები სწრაფი კვების ობიექტებში იყიდონ.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნმა განმარტა, რომ რეგულაციები ჯერ მხოლოდ ერთი დონით შემცირდა და ქვეყანას კორონავირუსი  ბოლომდე არ დაუმარცხებია, თუმცა ამისკენ მიდის.

ორშაბათს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალი ზელანდია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსი სრულად აღმოფხვრა.

არდერნმა კი გუშინ განმარტა, რომ კორონავირუსის აქტიური შემთხვევები ნულამდე არ დასულა, თუმცა ჩანს, რომ გადადების საფრთხე აღარ არსებობს. ინფიცირებული პაციენტები იზოლირებულ გარემოში განაგრძობენ მკურნალობას. პრემიერ-მინისტრის თქმით, აქტიური მუშაობა გაგრძელდება შესაძლო შემთხვევების სწრაფად გამოსავლენად და ვირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად,  სანამ ვაქცინას შეიმუშავებენ.

ქვეყნის ჯანდაცვის გენერალური დირექტორის დოქტორ ეშლი ბლუმფილდის თქმით, „ვირუსის აღმოფხვრა არ ხდება დროის ერთ კონკრეტულ მონაკვეთში“ და ვირუსთან ბრძოლა მუდმივად უნდა გრძელდებოდეს. „ჩვენ არ აღმოგვიფხვრია კორონავირუსი საბოლოოდ, მაგრამ მივაღწიეთ დასახულ მიზანს“, – თქვა ბლუმფილდმა.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის საბოლოოდ დამარცხებას თავად ახალი ზელანდიის ხელისუფლება უარყოფს, ქვეყანა მაინც მოწინავეა ვირუსის გავრცელებისა და რეგულაციების შემსუბუქების კუთხით. დღეიდან ახალ ზელანდიაში სკოლებიც გაიხსნა, თუმცა, ჯერჯერობით, არ აქვთ მოლოდინი, რომ გაკვეთილებს ბევრი მოსწავლე დაესწრება. ჯასინდა არდერნი კვლავ მოუწოდებს სახლიდან მუშაობისკენ იმ მოქალაქეებს, ვისაც ამის საშუალება აქვს.

კარანტინის შემსუბუქებასთან ერთად ქუჩაში მოძრაობამ მოიმატა, გაიხსნა კაფე-რესტორნების ნაწილიც, რომელთაც მიტანის სერვისი ან ღია სივრცეები აქვთ.