ახალციხეში აცრილი ექთნის მდგომარეობა ამ დილით შედარებით სტაბილურია - ტურძელაძე

პუბლიკა

ექთანი, რომლის მდგომარეობაც, ახალციხეში აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ალერგიულ ფონზე დამძიმდა, თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია მოთავსებული.

როგორც საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებთან დილით განაცხადა, ექთნის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის შედარებით სტაბილურია.

„პაციენტი შემოსვლისას იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ჩაუტარდა აბსოლუტურად ყველა კვლევა, მათ შორის, ტვინის ფუნქციის განსაზღვრაც. ტვინი ამ ეტაპზე ცოცხალია. ვნახავთ 24 საათის შემდეგ. გვიან საღამოსთვის მდგომარეობა დასტაბილიზირდა და პაციენტი ავიყვანეთ რეანიმაციულ განყოფილებაში.

ღამით იყო საკმაოდ მძიმედ. ამ დილისათვის მოხერხდა სტაბილიზაციის მიღწევა. სტაბილიზაცია გულისხმობს, რომ სუნთქვა აპარატთანაა სინქრონში. წნევის სტაბილიზაცია ხდება სამი მედიკამენტის მაქსიმალური დოზების მხარდაჭერით. წამოვიდა ტემპერატურა ამ დილისათვის და მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.  24 საათში კიდევ უნდა ჩაუტარდეს განმეორებით ღრმა კვლევები“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.


ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გუშინ 4 საათისთვის სამინისტროში შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს ახალციხის „იმედის“ კლინიკაში სავარაუდო გვერდითი რეაქცია დაუფიქსირდა, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ვაქცინაციასთან.

„ამდენად დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. როგორც ეს ხდება გვერდითი  მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად, რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა, იმისთვის, რომ დადგინდეს მიზეზშედეგობრივი კავშირი, დამდგარ მდგომარეობას და ვაქცინაციას შორის“, – თქვა გაბუნიამ.

მისი თქმით, იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტთან ერთად დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება ამ მოვლენის შემდეგ ვაქცინაციის პროგრამის განვითარება ქვეყანაში.