ახალციხის კლინიკაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

პუბლიკა

ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მხოლოდ ის, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

18 მარტს ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ვაქცინის გაკეთებიდან 30 წუთში მას, სავარაუდოდ, ალერგიული რეაქცია განუვითარდა.

მას შემდეგ, რაც 27 წლის ქალის ოჯახის წევრებმა გაიგეს მისი მდგომარეობის შესახებ, ისინი კლინიკაში მივიდნენ, რამაც საავადმყოფოში ხმაური გამოიწვია. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანდა, რომ ჩამტვრეული იყო კლინიკის ფანჯრები.

წუხელ შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე ორი პირიც დააკავა. ისინი წუხელ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მძიმე მდგომარეობაში მყოფი ექთანი ახალციხიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. 19 მარტს, დღის პირველ ნახევარში ექთანი გარდაიცვალა.