ახალციხის ოლქში, შესაძლოა, „ევროპული საქართველოს“ წევრები ენმ-ში გადავიდნენ - Sknews.ge

პუბლიკა

ადგილობრივი გამოცემა „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, ახალციხის, ადიგენის ასპინძისა და ბორჯომის ოლქში, შესაძლოა, „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარტია დატოვონ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდნენ. ამავე გამოცემის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამავე ოლქში სავარაუდოდ ვაჟა ჩიტაშვილს დაასახელებს, რომელიც „ევროპული საქართველოს“ წევრი იყო.

გამოცემის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს 16 აგვისტოს ახალციხეში შეხვდა და „ევროპული საქართველოს“ წევრებს უთხრა, პარტია დატოვონ და ენმ-ში გადავიდნენ ვაჟა ჩიტაშვილის მხარდასაჭერად.

„ვანო შემოვიდა და პირდაპირ თქვა, რომ უნდა გადმოხვიდეთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა დამიდგეთ გვერდით, მარტო ამ გზით ვხედავ გამარჯვების შანსსო. გვითხრა, ყველამ უნდა ვიმუშაოთ 5 ნომერზეო“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წარმომადგენელი „სამხრეთის კარიბჭესთან“; რესპონდენტის ვინაობას გამოცემა არ ასახელებს.

„ევროპული საქართველოს“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ვაჟა ჩიტაშვილი მისი გუნდისთვის სრულიად მისაღებია. ის არ გამორიცხავს, რომ მხარი დაუჭიროს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს.