ახალი დასახლების პროექტი ლისის ტბასთან - აქვს თუ არა შესაბამისი ნებართვები კომპანიას

ქრისტინე მუჯირი

ლისის ტბასთან კომპანია მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს.  „ლისი ტოპოგრაფის“ სახელწოდების facebook-გვერდზე გამოქვეყნებულია ფოტომონტაჟი, რომელზეც ასახულია, თუ რა მასშტაბის იქნება პროექტი.

„პუბლიკამ“ მოიკვლია, აქვს თუ არა მშენებლობის უფლება კომპანიას. არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნულ არეალზე ჯერ მშენებლობის ნებართვა არ არის გაცემული.

როგორც თბილისის მერიის ურბანულ სამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე შემუშავებულია მხოლოდ განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც დამტკიცდა,  ხოლო დანარჩენ ეტაპებზე, მათ შორის, პროექტის შეთანხმებასა და მშენებლობის ნებართვის მისაღებად კომპანიამ არქიტექტურის სამსახურს დამატებით უნდა მიმართოს.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი ჩვენთან აცხადებს, გამომდინარე იქიდან, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცებულია, მათ დაიწყეს გზის გაყვანის სამუშაოები დასახლებაში.

მათი განმარტებით, თითოეულ სახლზე არქიტექტურის სამსახურისგან შემდგომში მოითხოვენ მშენებლობის ნებართვას. კომპანიაში აცხადებენ, რომ გზის გაყვანის სამუშაოების დაწყების უფლებას მათ განაშენიანების რეგულირების გეგმის დოკუმენტი აძლევს.

ურბანულ სამსახურში კი აცხადებენ, რომ კომპანიას კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებით კონკრეტული ნებართვა სჭირდება.

„განაშენიანების რეგულირების გეგმა გულისხმობს ხედვას, როგორ წარმოუდგენიათ ამ ტერიტორიის განვითარება. თავისი კომუნიკაციებით, ინფრასტუქტურით, გზებით.  ჩვენმა სააგენტომ მიიჩნია, რომ მათი წარმოდგენილი გეგმა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ უკვე ყველა სამუშაოზე მათ სჭირდებათ კონკრეტული ნებართვა“, – განუცხადეს „პუბლიკას“ ურბანულ სამსახურში.

როგორც „ლისი ტოპოგრაფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტი აერთიანებს 41.8 ჰექტარზე გაშენებულ 245 სამოსახლო ნაკვეთს, რაც გულისხმობს, რომ, პროექტის მიხედვით, ახალ დასახლებაში 245 სახლი უნდა აშენდეს. ის ასევე მოიცავს: 9 364მ² კომერციულ ზონას, 5 პარკს, 3 საფეხბურთო, 3 საკალათბურთო და 3 საჩოგბურთო მოედანს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბინების გაყიდვა დაწყებულია.

აღნიშნული მიწის ნაკვეთები შპს „ლისი ჰილსის“ საკუთრებაა. მისი 26. 83% წილის მფლობელია მიხეილ ჯაფარიძე. 50%-ს ფლობს ივანე ოქროპირიძე, ხოლო 32.17%-ს – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს Real Estate Construction. თავის მხრივ, Real Estate Construction-ის 25%-საც მიხეილ ჯაფარიძე ფლობს.

მიხეილ ჯაფარიძემ 2016 წელს „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა, ხოლო 2017 წელს – 5 000.


2019 წლის მარტში, როცა დედაქალაქის გენერალური გეგმა დამტკიცდა, აღმოჩნდა, რომ დოკუმენტში დეტალურად არ იყო შესწავლილი თბილისის მასშტაბით ყველაზე სენსიტიური 11 არეალი, მათ შორის იყო ლისის არეალი. სპეციალისტების რეკომენდაციით, არეალებს შეზღუდვები დაედო, რაც ნიშნავდა იმას, რომ ტერიტორიების შესწავლამდე მათი განაშენიანება/განვითარება უნდა შეჩერებულიყო.

მერია კი იღებდა ვალდებულებას, რომ შეისწავლიდა მათ საჭიროებებს, შეიმუშავებდა არეალების განვითარების დოკუმენტებს და მომავალში ეს დოკუმენტები გახდებოდა სახელმძღვანელო აღნიშნული ტერიტორიების განვითარების საქმეში.

2020 წლის ზაფხულში მერიამ ლისის არეალზე შეზღუდვა მოხსნა. როგორც მერიაში აცხადებდნენ, მათ შეისწავლეს ლისის არეალი და კვლევები არსებობდა, რის საფუძველზეც მიიღეს შეზღუდვების მოხსის გადაწყვეტილება.

დაინტერესებული საზოგადოებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენელებისთვის ბუნდოვანი იყო, რის საფუძველზე მოხსნა მერიამ აღნიშნულ ტერიტორიებზე შეზღუდვები; არ იყო ცხადი, შეასრულა თუ არა მერიამ გენგეგმის დავალება ტერიტორიების დეტალურ კვლევაზე და იყო თუ არა შექმნილი დეტალური გეგმები ამ ტერიტორიების მომავალი განვითარებისთვის.

ამ კითხვების გარშემო ინფორმაციის მისაღებად „პუბლიკამ“ მიმართა მერიას, გამოვითხოვეთ დეტალური ინფორმაცია საჯარო წესით და ასევე ვიხელმძღვანელეთ საჯარო სივრცეში/ღია პლატფორმებზე ხელმისაწვდომი ინფორმაციით. თბილისის მერიამ „პუბლიკას“ მიაწოდა ლისის არეალის შესახებ კვლევა და თქვა, რომ კვლევა დასრულებული იყო.

კვლევის ერთ-ერთი ავტორი, არქიტექტორი შიო დემეტრაშვილი კი ჩვენთან აცხადებდა, რომ ლისის არეალის კვლევა არ დასრულებულა. პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა სხვადასხვა კვლევები ჩაატარეს, მაგრამ ისინი არ გადასულან ხედვისა და დაგეგმვის ეტაპზე. მისი თქმით, სამუშაობი არ დასრულებულა.

„ჩვენ განვსაზღვრეთ ღირებულებათა მხოლოდ ნაწილი, მათ შორის ლანდშაფტური ნაწილი. განვსაზღვრეთ პრობლემათა სირთულე, რა დაპირისპირებაა ბუნებრივ გარემოს, საზოგადოებრივ ინტერესსა და კერძო მესაკუთრეების ინტერესებს შორის. ვფიქრობდით, ზუსტად განგვესაზღვრა, სად შეიძლებოდა მშენებლობა და სად არა. რადგან არსებობენ კერძო მესაკუთრეები, ვფიქრობდით რომ გვეთქვა, როგორ და რა მოდელით შეიძლებოდა მათი ინტერესების დაკმაყოფილება. რაც უკვე კვლევის შემდეგი ეტაპის ამოცანა იყო, თუმცა ეს არ დაგვცალდა“, – ამბობდა ის „პუბლიკასთან“ ინტერვიუში.

როგორც დემეტრაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, ლისის ტბის მიმდებარედ დასაშვები უნდა იყოს უპირატესად სპორტული და სარეკრეაციო დანიშნულების შენობები და არა საცხოვრებელი, საოფისე და სხვა ფუნქციის მქონე ინფრასტქრუქტურა. ის ხაზს უსვამს, რომ ლისის არეალში მოქცეული სოფლის ტიპის დასახლებები უსისტემოდაა განვითარებული. მათი პროექტის   მიზანი კი იყო, რომ ის ჩარჩოებში მოქცეულიყო და სამომავლოდ მის განაშენიანებას ჩამოყალიბებული სახე მისცემოდა. მისი თქმით, ამგვარი უსისტემო განვითარება საბოლოოდ მუნიციპალიტეტს დამატებით პრობლემებს შეუქმნის, რაც კიდევ უფრო რთულად გადასაჭრელი გახდება.

გენერალური გეგმის ერთ-ერთი ავტორი მერაბ ბოლქვაძე „პუბლიკასთან“ აცხადებდა, რომ თბილისის ტერიტორიაზე მოქცეული ტბები უნდა იყოს დაცული, მათ შორის ლისის ტბა. მისი თქმით, ტბის სიახლოვეს მშენებლობები უშუალოდ ტბისთვისაც საფრთხის შემცველია.

„ლისის ტბასაც აქვს თავისი დაცვის ზონა, მასთან ახლოს მისვლა [მშენებლობა] კვების წყაროებს დაუხშობს მას, არ მოხდება ტბის თვითაღდგენა. თუ ტბამ ვერ შეძლო თვითაღდგენა, გადაიქცევა ჭაობად და დაავადებების გავრცელების კერად. ამიტომ თბილისის ირგვლივ არსებული თბილისის სარკეები უნდა იყოს რეკრეაციული, ხოლო მშენებლობებზე საუბარი მხოლოდ მისგან მოშორებულ მანძილზე შეიძლება“, – აცხადებდა ის ჩვენთან.